23
დეკ
16

December 14, 2015: ამ დღეს ველოდი, მოვესწარ…

Star Wars: Episode VII – The Force Awakens

SW EpVII posterEvery saga has an end 😦 ასე გადაწყვიტა ჯორჯ ლუქასმა და 2005 წლის 19 მაისს კალამი ბლასტერი კამერა ლურსმანზე ჩამოკიდა. მაგრამ, არასდროს თქვა არასდროსო, – ცნობილია. 2012 წელს “ლუქას ფილმზი” (Lucasfilm) მთელი თავისი ავლა-დიდებით: პერსონაჟებით, სცენარებით, საავტორო უფლებებით და “ინდასთრიალ ლაით ენდ მეჯიქით” (Industrial Light & Magic) კორპორაცია “დიზნის” (The Walt Disney Company) მიჰყიდა. სამ ეპიზოდს დავამატებთო, დაგვპირდნენ – VIII-IX-X და კიდევ სამ ცალკემდგომ (ე.წ. Standalone) ფილმსაც გადავიღებთო.

  • ჯინს თუ ბოთლიდან ამოუშვებ, მისი უკან ჩაბრუნება ძალიან ძნელია. დღეს „ვარსკვლავურ ომებს“ მთელს მსოფლიოში მილიონობით (თუ მილიარდობით არა) თაყვანისმცემელი ჰყავს. ვარსკვლავური საგის შესახებ დაწერილია წიგნები, დახატულია კომიქსები. კლასიკური 6 ფილმის გარდა, გადაღებულია ანიმაციური სერიალები, სპექტაკლები და რადიო-დადგმებიც არის. „ვარკსკვლავური ომების“ თემატიკაზე შექმნილია სხვადასხვა ჟანრის კომპიუტერული თამაშები. ამ ყველაფერს აერთიანებს ე.წ. „ვარკვლავური ომების გაფართოებული სამყარო“ (Star Wars Expanded Universe – Star Wars EU, SWEU). „გაფართოებული სამყარო“ ვარსკვლავური საგის ოფიციალური ნაწილია – ლუქასის ნების გარეშე, ვერვინ გაფაჩუნდებოდა იქ. SWEU-ში აღწერილი ამბები მრავალ ათას წელს მოიცავს და მნიშვნელოვნად ცდება კლასიკური 6-ფილმიანი საგის ქრონოლოგიას.

ბევრი, ალბათ, ფიქრობდა, რომ “დიზნი” სწორედ SWEU-ს ისტორიებს გადაიტანდა ეკრანზე – ბევრი საინტერესო რამ ხდება იქ, თან, თითქმის მზა სცენარები/წიგნებიც არის, მაგრამ კომპანიამ სხვაგვარად გადაწყვიტა. შედეგად – ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი VII – ძალის გამოღვიძება (Star Wars: Episode VII – The Force Awakens) მივიღეთ. არ ვიცი, ვის-როგორ… უფრო ზუსტად – ვიცი, როგორ არ ვიცი. უმრავლესობას მოეწონა. ამის დასტური კოლოსალური კომერციული წარმატებაა – დახარჯული 306 მილიონი აშშ დოლარი ფილმის შემქმნელებმა რამდენიმეგზის ამოიღეს უკვე – პირველი მილიარდისთვის სულ რაღაც 12 დღე დასჭირდათ, რაც რეკორდული სისწრაფეა. დღეის მონაცემებით შემოსავალი 2 მილიარდს აცდა და პროგნოზით, მომავალი წლის განმავლობაში კიდევ ერთ მილიარდს ელოდებიან.

სიუჟეტური მონახაზი და ჩანაწერები, რაც “დიზნის” გადავეცი, მათ არ გამოიყენეს – გადაწყვიტეს, რომ ახალს დაწერდნენ. ასე რომ, რასაც იხილავთ, ის არაა, რაც მე დავწერე.
ჯორჯ ლუქასი VII ეპიზოდის სცენარის შესახებ. CinemaBland

SW EpVII Kylo Ren posterფილმის სცენარი “დიზნიმ” ლოურენს ქაზდანს (Lawrence Kasdan) დაუკვეთა, რეჟისურა კი ჯეი ჯეი აბრამსს (J. J. Abrams) ანდო. ქაზდანი ფრიად დამსახურებული ვარსკვლავური კაცია – VI და საუკეთესო, იმჰო, V ეპიზოდების სცენარის ავტორი, აბრამსი კი – კარგი საგების მესაფლავე. Smile ყოველ შემთხვევაში, სთართრექის ფანები საკულტო სერიალის გაფუჭებაში ადანაშაულებენ. კომპოზიტორი ჯონ უილიამსია (John Williams) – აქ სხვა არჩევანი ვერც იქნებოდა და არც მომავალში იქნება, ყოველ შემთხვევაში, სანამ… მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო – სხვათუარაფერი 85 წელს უკაკუნებს უკვე.

“ძალის გამოღვიძება” პირველი ფილმია ვარსკვლავურ საგაში, რომელიც 3D ფორმატში გამოვიდა ეკრანებზე (III ეპიზოდი მოგვიანებით გაა-3D-ეს, ხელმეორე პრემიერისთვის), გადაღებისას გამოიყენეს 35 mm-იანი ფირი Kodak 5219. სტუდიური გადაღებები ბრიტანეთში მიმდინარეობდა და ამ უფლების მოსაპოვებლად გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 31.6 მილიონი ფუნტი გაიღო. ბრიტანელ გადასახადის გადამხდელთა ფული კერძო ამერიკული კორპორაცია “დიზნის” ყულაბაში წავიდა, იმისთვის რომ “ვარსკვლავური ომები” ბრიტანეთში გადაეღოთ და არა სადმე სხვაგან. Smile

სთართრექი ნანახი არ მაქვს, ასე რომ იქაურ აბრამსზე ვერაფერს ვიტყვი, VII ეპიზოდით კი მაინცდამაინც არ მოვიხიბლე, მაგრამ – ჯანდაბას. ამ ფილმს რამდენიმე უეჭველი პლიუსი მაინც აქვს – ერთი რომ, საგა გრძელდება და ეს ყველაზე მთავარია. მეორე, რამდენიმე ისეთი პერსონაჟი გამოჩნდა, ნამდვილად რომ დაამშვენებს ვარსკვლავურ გალერეას. მესამე – ძველი გმირებიც დაგვიბრუნეს, ზოგი – ეპიზოდურად, სხვები – არაეპიზოდურად.

ძველი და ახალი (ვარსკვლავური საგისთვის ახალი) ღვაწლმოსილი ვარსკვლავების გარდა (ჰარისონ ფორდი, მაქს ფონ ზიუდოვი, ფითერ მეიჰიუ…), ტრადიციულად, VII ეპიზოდი რამდენიმე ახალგაზრდა და ახალბედა მსახიობს უხსნის ბედს (და ახლა მათზეა, როგორ გამოიყენებენ შანსს).

24 წლის ინგლისელი დეიზი რიდლი – რეი (Daisy Isobel Ridley as Rey) – მშვენიერი შენაძენია ვარსკვლავური საგისთვის. გარეგნობითაც და პერსონაჟითაც. აქამდე რამდენიმე მცირე როლი ჰქონია და ეპიზოდები ტელესერიალებში (ამბობენ, კარგი სერიალებიაო, მაგრამ არ მინახავს. ასე თუ ისე, იქაც ეპიზოდურად გამოჩენილა მხოლოდ).

SW EpVII BB-8 & Rey

ჯონ ბოიეგა – ფინი (John Boyega as FN-2187/Finn) ნიგერიული წარმოშობის ბრიტანელი მსახიობია. ისიც 24 წლისაა და ბრიტანეთში უკვე საკმაოდ კარგად ყოფილა ცნობილი, ოტელოს როლიც შეუსრულებია თეატრალურ დადგმაში, თუმცა, მსოფლიო წარმატებამდე ჯერ ბევრი აკლდა და ვარსკვლავური საგა საუკეთესო შანსია… თუმცა, პირადად მე  ფინი არ მომეწონა. რაღაც უღიმღამო პერსონაჟია. ვნახოთ, მომავალში რა იქნება.

30 წლის ამერიკელი ადამ დრაივერი – ქაილო რენი (Adam Douglas Driver as Kylo Ren) ჯერ მთლად ვარსკვლავად არ იხსენება, თუმცა კარგადაა ცნობილიც და დაფასებულიც. ძმებმა ქოენებმაც კი გადაიღეს Inside Llewyn Davis-ში, ქოენებთან მუშაობა კი სამ ვენეციის ფესტივალს უდრის. და ბერლინსაც კიდევ ხურდაში. თუმცა, დრაივერს ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზიც აქვს მოპოვებული და “ემის” ორგზის ნომინანტია… მაგრამ… მაგრამ არც მისი პერსონაჟი მომეწონა, არადა, ქაილო ახალი ტრილოგიის ქეი-პერსონაჟი უნდა იყოს.  Smile სითჰების ლორდი, ვიზეც უნდა აშენდეს ტაძარი. ვერ არის დამაჯერებელი. არც ქარიზმა აქვს. მახვილსაც მერვეკლასელივით იქნევს. ჯერ-ჯერობით ასეა და ვნახოთ, მომავალში რა იქნება.

ლუპიტა ნიონგო – მაზ კანატა (Lupita Nyong’o as Maz Kanata) კენიელი მსახიობია და მოდელი. 33 წლისაა. “ოქროს გლობუსის” ნომინანტია, “ოსკარისა” და “ტომის” პრიზიორი. გამორჩეული გარეგნობის უნიჭიერესი ახალგაზრდა ქალია. მაზ კანატას როლი დიდი არ არის, მაგრამ არაჩვეულებრივი პერსონაჟია და შემდეგ ეპიზოდშიც გამოჩნდება, როგორც ამბობენ. უდავო შენაძენია ვარსკვლავური საგისთვის.SW EpVII Maz Kanata

“ვარსკვლავური ომების” დროიდების გალერეას კიდევ ერთი პერსონაჟი შეემატა BB-8. ვარსკვლავური ტრადიციაა – ფილმში იუმორის დიდი წილი სწორედ დროიდებზე მოდის და BB-8 ამ ტრადიციას მშვენივრად აგრძელებს. მისი ანიმატორები დეივ ჩეფმენი (Dave Chapman) და ბრაიან ჰერინგი (Brian Herring) არიან. “ამაზონზე” პატარა დროიდი დიდი პოპულარობით სარგებლობს და საშობაო საჩუქრების სიაშიც მოწინავე პოზიციებზეა.

VII ეპიზოდის საპრემიერო ჩვენება 2015 წლის 14 დეკემბერს გაიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ “დევნილიც” დეკემბერში გამოვიდა, ჩანს, “დიზნი” ახალ ტრადიციას ამკვიდრებს – წინასაშობაო ჩვენებების (ვარსკვლავური საგის ტრადიციული საპრემიერო დრო მაისი იყო).

Creative Commons License © Lord Vader. Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___



რედაქტორი

Member of The Internet Defense League

Wildlife Rescue

Support WWF

Follow Us

Creative Commons