16
დეკ
17

December 9, 2017: ახალი ძველი “ომები”

Star Wars: Episode VIII – The Last Jedi

watermarked-The Last Jedi Posterუკანასკნელი ჯედაის” (Star Wars: The Last Jedi) პრემიერა 9 დეკემბერს გაიმართა ლოს ანჯელესში, თბილისში კი ფილმი 14 დეკემბერს გამოვიდა ეკრანებზე. 5 დღე. იცი, ამ პოსტის მკითხველო, ეს რა 5 დღე იყო? კრიტიკოსთა შეფასებების კითხვის 5 დღე, სადაც ყველაზე საზარელი სიტყვები იყო “უკიდურესი გაწბილება“… მართლა შემეშინდა, რომ რაღაც საშინელება გადაიღეს. შემეშინდა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ვარსკვლავური საგა და მისი ჩაფლავება, აბა, რა გასახარია. და ძალიან მიყვარს კომპანია Disney, ვინც საგის გაგრძელება ითავა.

ვნახე ფილმი.

არავითარი გაწბილება! მითუმეტეს – “უკიდურესი”.

“მერვე ეპიზოდი” არ არის “ვარსკვლავური ომების” საუკეთესო ეპიზოდი, მაგრამ არც ყველაზე ცუდია. 🙂 და ბევრად სჯობს, თუნდაც, “მეშვიდე ეპიზოდს”.

ამ ფილმში არის (თითქმის) ყველაფერი, რაც “ვარსკვლავურ ომებში” გვიყვარს: სპეც-ეფექტები, ოპერატორის ნამუშევარი, ახალი პერსონაჟები, გალაქტიკური არსებები, ცხოველები, კოსმიური ბრძოლები და ორთაბრძოლა ლაზერის მახვილით, ბმა წინა ეპიზოდებთან და ფარული თუ ღია კინო-ციტირება, საფირმო იუმორი (მარტო უთოს ეპიზოდი რად ღირს – ბრავო!).

ჯო უილიამსის (John Williams) მუსიკაზე აბა რა ვთქვა – უილიამსი იგივეა კინოფანტასტიკისთვის, რაც ენიო მორიკონე განგსტერული ფილმებისა თუ ვესტერნებისთვის. Smile

“უკანასკნელი ჯედაის” 2 საათსა და 32 წუთს მთლად იაღლიშების გარეშე არ ჩაუვლია, მაგიერ “მერვე ეპიზოდის” შემქმნელები “მეშვიდე ეპიზოდის” რამდენიმე ლოგიკური იაღლიშის გამოსწორებას შეეცადნენ – მაგალითად, სცადეს განემარტათ, თუ როგორ მოხდა, რომ ვეიდერის შვილიშვილი,  ლეა ორგანას შვილი და ლიუქ სქაიუოქერის გაწვრთნილი ქაილო რენი, იმდენად ბოთე აღმოჩნდა, რომ კინაღამ მოკლა რეიმ, რომელმაც პირველად აიღო ხელში ლაზერის მახვილი… მაგრამ ჯანდაბას რეი (მთლად არიფი არც ისაა, და, თუ ვარსკვლავურ ამბებში რამე გამეგება, მდაბიო ვინმე არ უნდა იყოს – თავადაც ვეიდერ-სქაიუოქერთა გორისა აღმოჩნდება, იმჰო)*… აი, ფინი როგორ ახერხებს, ქაილო რენს ეფარიკაოს – ეს მართლა გასაკვირი იყო და ვერც მერვე ეპიზოდში განგვიმარტეს… ყველაფერს ვერ ამოხსნი. Smile მაგრამ რაც იყო – იყო. “მერვე ეპიზოდში” ასეთი ლოგიკური ხვრელები (თითქმის) არაა და ფილმის სცენართან სადაო ბევრი არაფერი მაქვს – “მერვე ეპიზოდმა” გადო ხიდი “მეშვიდე ეპიზოდთან” და წინა “ეპიზოდებთან” და შეამზადა ხიდი “მეცხრეზე” გადასასვლელად…

watermarked-The Last Jedi BB8კი, ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილი და კვლავ გამოჯანმრთელებული პერსონაჟების რაოდენობა “მერვე ეპიზოდში” ყველა ლოგიკურ და ალოგიკურ ზღვარს აცდა, მაგრამ კარგი – ესეც ვაპატიოთ. ბოლო-ბოლო წინასაშობაო დღეებია და ასეთ დროს სასწაულის უნდა გვჯეროდეს. Smileყოველ შემთხვევაში, ფილმის შემქმნელებს – სჯერათ.

“უკანასკნელი ჯედაი” რაიან ჯონსონმა (Rian Johnson) გადაიღო, ჯეი ჯეი აბრამსი ამჯერად აღმასრულებელი პროდიუსერის სავარძელში (თუ კაბინეტში) გადაბრძანდა. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. Smile

ამბობენ, რომ “მეცხრე ეპიზოდს” კვლავ აბრამსი იღებს. მე ვინ მკითხავს, მაგრამ ეს ცუდი გადაწყვეტილებაა. Sad smile

ორიგინალი 6-ფილმეულიდან გადმოყოლილ პერსონაჟებზე არაფერს ვიტყვი – ნათქვამი მაქვს უკვე.

“მეშვიდე ეპიზოდის” გმირებზეც დავწერე უკვე და აზრი დიდად არ შემცვლია.

ძველი და ძალიან ძველი პერსონაჟების გარდა “მერვე ეპიზოდში” რამდენიმე ახალი სახეა, რომელთაგან ბენისიო დელ ტოროს (Benicio del Toro) გამოჩენა გამეხარდა ნამეტნავად. ენდი სერქისმა (Andy Serkis) როლების მდიდარ გალერეაში გოლუმს, ქინგ ქონგს, ცეზარსა და ბალუს ახლა სნოუქიც შეამატა. დოუნელ გლისენის (Domhnall Gleeson) გენერალი იმპერიის ფლოტის სხვა ყეყეჩ სარდლებს ჰგავს კლასიკური 6-ფილმეულიდან (მან და ქაილო რენმა ვეიდერისეული ეპიზოდის რიმეიქიც შემოგვთავაზეს). პრეტორიანელებიც (სნოუქის პირად მცველთა გვარდია) ძალიან კარგია. საიმპერატორო გვარდია აქამდე საქმეში თითქმის არ გვინახავს – “მერვე ეპიზოდში” მათი ბრძოლის სცენები არის. ეფექტურია ნამდვილად. რამდენად – ეფექტიანი, არ დაგასფოილერებთ – თავად შეაფასებთ. სხვადანარჩენი  – დიდივერაფერი (თუ, ცხადია, კოსმიური ფაუნის არაჩვეულებრივ წარმომადგენლებს არ ჩავთვლით).

watermarked-The Last Jedi scenes

ერთადერთი, რაც არ მომწონს – ყველა აღსდგა მკვდრეთით და დაბრუნდა. აი – უკლებლივ ყველა! იოდაც კი!.. ამ ვეიდერის გამოჩენას არ დაადგა საშველი.

Creative Commons License© Lord Vader. Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

(*) ფილმის შემქმნელები აცხადებდნენ, რომ “მერვე ეპიზოდში” რეის წარმომავლობის ამბავს გაგვიმჟღავნებდნენ. გაგვიმჟღავნეს კიდეც. მაგრამ ამ ვერსიის არ მჯერა. Smile დაველოდები მომავლის ეპიზოდებს.



რედაქტორი

Member of The Internet Defense League

Wildlife Rescue

Support WWF

Follow Us

Creative Commons