გალაქტიკური ისტორია: ბრძოლა იუჟან ვონგთან

წინა პოსტში ვწერდი, როგორ დაზავდნენ 19 ABY ახალი რესპუბლიკა და ახალი იმპერია, რამდენიმე წლის შემდეგ ამ ზავის სიმტკიცეს პირველი გამოცდა ელოდა – გამოჩნდა მტერი, რომელიც რესპუბლიკას წალეკვით დაემუქრა – ეს იუჟან ვონგები იყვნენ.

იუჟან ვონგი (Yuuzhan Vong) იყო ადამინთა რასა შორეული გალაქტიკებიდან. Yuuzhan Vong ისინი რელიგიური ფანატიკოსები და ერთგვარი კოსმიური ლუდიტები იყვნენ – იბრძოდნენ ყოველგვარი მექანიკური ტექნოლოგიების მოსასპობად. თავად იუჟან ვონგები ბიოტექნოლოგიას იყენებდნენ – მათი იარაღი, აღჭურვილობა და ტანსაცმელიც კი გენეტიკური და ორგანული წარმომავლობისა იყო.

იუჟან ვონგები ძალის (The Force) ზემოქმედებას თითქმის არ ემორჩილებოდნენ.
ისინი რასობრივი ფილოსოფიის მიმდევრები იყვნენ, პლანეტიდან პლანეტაზე გადადიოდნენ, მათი ხედვით, “მდაბალი” რასების დამორჩილებისა და მოსპობის სურვილით. ამავე დროს, ფანატიკური რელიგიურობით გამოირჩეოდნენ, მათ შორის პოლითეიზმი იყო გავრცელებული, უმაღლესი ღვთაება – იუნ-იუჟანი იყო – ყველაფრის დასაბამი. პანთეონში უმაღლეს საფეხურზე იყო ასევე იუნ-იამკა – ომის ღმერთი.

მათ სათავეში ღმერთთან მიახლოებული უმაღლესი მბრძანებელი (Supreme Overlord) იდგა, აღმასრულებელ ფუნქციებს მართველი კასტა და მისი უმაღლესი პრეფექტი (High Prefect) ახორციელებდა, ხოლო საკანონმდებლო ფუნქციებს – ყველა კლანის მეთაურებისგან შემდგარი კონგრესი.

25 ABY იუჟან ვონგები ახალ რესპუბლიკას დაესხნენ თავს. მათ სწრაფად გადაიყვანეს თავიანთი რიცხობრივი უპირატესობა გამარჯვებებში და პლანეტა კურესანტიც დაიკავეს. იუჟან ვონგები მსხვერპლს არ ერიდებოდნენ, სპობდნენ, როგორც მტრის მებრძოლებს, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას – ისინი პლანეტათა გრავიტაციის შეცვლის ტექნოლოგიას ფლობდნენ. მათ პლანეტა სერნპიდალს (Sernpidal) მთვარე შეაჯახეს, რა დროსაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ვუკი ჩუბაკა (Chewbacca), რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად ჰან სოლოს ვაჟი ანაკინ სოლო გადაარჩინა. ბრძოლის წარმოების ამგვარი ხერხების გამო, იუჟან ვონგებთან 4-წლიანმა ომმა 365 ტრილიონი სიცოცხლე შეიწირა.

იუჟან ვონგების შეტევამ რესპუბლიკის წინააღმდეგ იმპერიაში აზრები ორად გაყო. ერთნი, გრანდ-ადმირალ პელაეონის მეთაურობით, რესპუბლიკის დასახმარებლად ომში ჩაბმას უჭერდნენ მხარს, მეორენი (რევანშის სურვილით გულანთებული რამდენიმე გავლენიანი მოფის ჩათვლით) ახალი რესპუბლიკის განადგურებას ნატრობდნენ. მიუხედავად ამისა, როდესაც ლეია ორგანა-სოლო დახმარების თხოვნით იმპერიას ეწვია, გილად პელაეონისგან ეს დაპირება მიიღო. გრანდ-ადმირალმა რესპუბლიკას გადასცა რუკები, რაც რესპუბლიკის ძალებმა ებაქ IX-ზე ბრძოლის დროს გამოიყენეს.

Mara Jadeეს ბრძოლა 28 ABY შედგა და მთლიანად ომის ბედის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ადმირალმა აქბარმა პელაეონისგან მიღებული რუკების დახმარებით შეარჩია საუკეთესო ადგილი ბრძოლისთვის, მარა ჯეიდ სქაიუოკერმა (Mara Jade Skywalker) კი, რომელმაც იუჟან ვონგთა ჯაშუშური ქსელი გამოავლინა, მტერს ცრუ ინფორმაცია შეაპარა ციხე-სიმაგრის �
��ესახებ, სადაც, ვითომდა, ჰან სოლოს შვილებისა და ახალი რესპუბლიკის მთავრობის თავშესაფარი იყო. სატყუარამ იმუშავა – იუჟან ვონგებმა ებაქ IX-ზე მიიტანეს იერიში და აქბარის მიერ დაგებულ ხაფანგში გაებნენ.

მარა ჯეიდი – იმპერატორ პალპატიკის “ხელი”, რომელიც მის განსაკუთრებულ  დავალებებს ასრულებდა, იყო მონადირე და მას ევალებოდა როგორც ჯედაების, ასევე იმპერიის კორუმპირებული ჩინოვნიკების მოსპობა. მარა ჯეიდი ტელეპატიის უნარით გამოირჩეოდა და შეეძლო პალპატინის ხმის გაგონება, გალაქტიკის რომელ წერტილშიაც არ უნდა ყოფილიყო. მისი ბოლო დავალება – ლიუკ სქაიუოკერის მოკვლა იყო, მაგრამ იმპერატორი დაიღუპა მანამ, სანამ მარა ჯეიდი დავალებას აღასრულებდა. პალპატინის სიკვდილის სცენა მან თავისი ტელეპატიური უნარის წყალობით დაინახა.
ამის შემდეგ, ის კორელიანელების კონტრაბანდისტთა ალიანსს შეუერთდა და, ადმირალ თრაუნთან ბრძოლის დროს, რესპუბლიკას ეხმარებოდა. ის ჯედაების ხელოვნებას დაეუფლა და მაგისტრი გახდა. იმპერატორ პალპატინის მესამედ და საბოლოოდ დაღუპვის შემდეგ კი, მთლიანად გათავისუფლდა ბნელი ძალის გავლენისგან, ლიუკ სქაიუოკერი შეუყვარდა და მალე ისინი დაქორწინდნენ კიდეც.

რესპუბლიკის ფლოტმა იუჟან-ვონგებს პლანეტაზე შეჭრის საშუალება მისცა, ალყაში მოაქცია და სრულად გაანადგურა. ბრძოლაში დაიღუპა მათი მთავარსარდალი ცავონგ ლა (Tsavong Lah), რომელიც ლეია ორგანასა და ჰან სოლოს ქალიშვილმა, ჯაინა სოლომ (Jaina Solo) მოკლა.

მაგრამ იუჟან ვონგები დანებებას არ ჩქარობდნენ, ებაქ IX-ზე დამარცხება მათთვის მძიმე იყო, თუმცა, ბრძოლის გაგრძელებისთვის ჯერ კიდევ საკმარისი ძალები ჰქონდათ. იმავე წელს იერიში მათ უკვე იმპერიაზე მიიტანეს. პირველი დიდი შეტაკება ბასტიონის სისტემასთან (Battle of Bastion) მოხდა, სადაც გილად პელაეონის მხარდამხარ ჯედაების ხომალდიც იბრძოდა ლიუკ და მარა ჯეიდ სქაიუოკერის მეთაურობით. მიუხედავად ამისა, იუჟან ვონგებმა გამარჯვება მოიპოვეს და პელაეონი იძულებული იყო, უკან დახევისა და სისტემის მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გაეცა.

მომდევნო ბრძოლა პლანეტა ბოროსკთან (Borosk) შედგა. ამჯერად ახალი იმპერიისა და ახალი რესპუბლიკის ფლოტმა გრანდ-ადმირალ პელაეონის მეთაურობით გამარჯვება მოიპოვა – იუჟან ვონგთა ექსპანსია შეჩერებულ იქნა, თუმცა, თავად ადმირალი ბრძოლაში დაიჭრა.

ამის შემდეგ, მოკავშირეებმა კიდევ რამდენიმე გამარჯვება მოიპოვეს და 29 ABY  Luke Skywalker vs Shimrra Jamaaneკურესანტის გათავისუფლბაც მოახერხეს. კურესანტი იუჟან ვონგებს თავის სატახტო პლანეტად ჰქონდათ გამოცხადებილი და მას იუჟან-ტარს (Yuuzhan’tar) უწოდებდნენ. მიუხედავად კარგად ორგანიზებული დაცვისა, იუჟან ვონგებმა შემტევა ვერ შეაჩერეს და მოკავშირეებმა პლანეტაზე გადასხდომა მოახერხეს. აქ იმყოფებოდა იუჟან-ვონგების უმაღლესი მბრძანებელი შიმრა ჯამაანე (Shimrra Jamaane), რომელიც ლიუკ სქაიუოკერმა ბრძოლაში მოკლა.  დაიღუპა ასევე უმაღლესი პრეფექტიც.

კურესანტის გათავისუფლებით დასრულდა ომი იუჟან ვონგებთან. მხედართმთავარმა ნას ჩოკამ (Nas Choka) თავი დამარცხებულად ცნო. მან და მისმა ხალხმა ზონამა სეკოტს (Zonama Sekot) მიშურა – სამყაროს, სადაც მათი რასა დაიბადა.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

~ by Lord Vader on October 22, 2009.

2 Responses to “გალაქტიკური ისტორია: ბრძოლა იუჟან ვონგთან”

  1. au sul tavidan unda chavujde da mteli istoria cavikitxo

    Like

Comments are closed.

 
%d bloggers like this: