გალაქტიკური ისტორია: პალპატინის დაბრუნება

ადმირალ თრაუნის დაღუპვის შემდეგ, კაპიტანმა პელაეონმა იმპერიის ფლოტს უკან დახევა უბრძანა. ახალი რესპუბლიკის ფლოტი მას უკან დაედევნა, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაენადგურებინა, მაგრამ ამ დროს იმპერიის რამდენიმე ყოფილმა მხედართმთავარმა ძალები  გააერთიანა და პლანეტა კურესანტზე უეცარი შეტევა განახორციელა. ეს მანევრი წარმატებული გამოდგა – პლანეტის დამცველები უკუიქცნენ და კურესანტი კვლავ იმპერიის ძალთა ხელში გადავიდა, მაგრამ გამარჯვებულებმა გამარჯვება ვერ გაიყვეს – მათ შორის შინაომი ატყდა, რითაც რესპუბლიკამ ისარგებლა, მომხდურთ შეუტია და უკუაგდო.

ამის შემდეგ, ახალი რესპუბლიკის ფლოტმა იმპერიას კიდევ რამდენიმე მძიმე დარტყმა მიაყენა – ასე ჩანდა, რომ ის საბოლოოდ იყო განადგურებული. იმპერიის ყოფილი დომინიონები ერთი მეორის მიყოლებით გადადიოდნენ ახალი რესპუბლიკის მორჩილებაში, მაგრამ პალპატინის ხელახალმა გამოჩენამ იმპერიის ბრძოლას ახალი სული შთაბერა.

რა თქმა უნდა, ყველას გვახსოვს, რომ “VI ეპიზოდის” ბოლოს დართ ვეიდერი დართ სიდიუსს უფსკრულში აგდებს და თავადაც გადაყვება. ამით სითჰების ორივე ლორდის სიცოცხლე სრულდება, მაგრამ პალპატინი სულის სხეულიდან სხეულში გადანაცვლების საიდუმლოს ფლობდა და მან წინასწარ იზრუნა იმაზე, რომ ამ მიზნებისთვის შესაფერისი სხეული მზადყოფნაში ქონოდა – იმპერატორის რამდენიმე კლონი პლანეტა ბისზე ინახებოდა ბნელი ჯედაების დაცვისა და პალპატინის პირადი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

დაღუპვის შემდეგ, დართ სიდიუსის სული ჯერ “იმპერატორის ხელის”, იენგ დროგას სხეულში მოთავსდა, შემდეგ დიდი ვეზირი სეით პესტაჯი იხმო, რომელმაც დროგა-სიდიუსი პლანეტა ბისზე გადაიყვანა. იქ კი პალპატინის სული კლონის სხეულში გადასახლდა, მაგრამ იმპერატორი რამდენიმე წლის განმავლობაში შორიდან ადევნებდა თვალს მისი იმპერიის მსხვრევასა და ახალი რესპუბლიკის დაბადებას. დართ სიდიუსს ახალი ტიპის – ბნელი იმპერიის შექმნა ჰქონდა განზრახული, რომელიც ერთპიროვნულად მხოლოდ მის მიერ უნდა მართულიყო სითჰების საიდუმლო ცოდნისა და ძალის (The Force) გამოყენებით.

“იმპერატორის ხელი”, “იმპერატორის თვალი”, “იმპერატორის ჩრდილი”… – იმპერიის საგანგებოდ გაწვრთნილი ბნელი ჯედაები იყვნენ, რომლებიც განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებდნენ.

Gilad Pellaeon 10 ABY პალპატინმა თავი გაამჟღავნა – მან იმპერიის მხედართმთავრებს საკუთარი გადარჩენის მბავი ამცნო, მათ შორის გაჩაღებული სამოქალაქო ომი დაასრულა და იმპერიის ნარჩენებს ხელახლა მოუყარა თავი. პალპატინის სამხედრო კამპანიას კაპიტანი გილად პელაეონი (Gilad Pellaeon) მეთაურობდა, ის, ვინც ადმირალ თრაუნის სამხედრო კამპანიაშიც მონაწილეობდა.

სანამ კურესანტისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა, დართ სიდიუსმა ძალის ქარბუქი (Force storm) შექმნა, რომელმაც ლიუკ სქაიუოკერი პლანეტა ბისზე გაიტაცა. იქ იმპერატორმა მას მორჩილება მოსთხოვა. სქაიუოკერი იმპერიის სამსახურში ჩადგომას დათანხმდა – ამ შემთხვევაში ორივე მხარეს თავისი მიზნები ამოძრავებდა: ჯედაი პალპატინის “შიგნიდან” დამარცხებას ლამობდა, ხოლო სითჰების ლორდს იმედი ჰქონდა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ და აუჩქარებლად შეძლებდა ლიუკ სქაიუოკერის ბნელ მხარეს გადაყვანას, სწორედ ისე, როგორც ეს ანაკინის შემთხვევაში შეძლო.

როდესაც რესპუბლიკაშიც ცხადი გახდა, რომ პალპატინმა მკვდრეთით აღდგენა  მოახერხა და ლიუკ სქაიუოკერი სწორედ მასთან იყო, ლეია ორგანამ ძმის დახსნა სცადა, მაგრამ პალპატინმა ის და ჰან სოლო დაატყვევა და ახლა უკვე ლეიას გადაბირებას შეეცადა. ლიუკ სქაიუოკერმა დის და სიძის დახსნა მოახერხა და დართ სიდიუსს ლაზერის მახვილით შეებრძოლა, მაგრამ დამარცხდა და კვლავ ბნელი ძალის ტყვეობაში მოექცა. იმპერატორი გაქცეულებს დაედევნა. ლეია ორგანამ მას დაზავება შესთავაზა. პალპატინმა შეთავაზება უკუაგდო, მაგრამ დის დახმარებით, ლიუკ სქაიუოკერმა შეძლო სიდიუსის გავლენისგან თავის დაღწევა – ხელახლა შეებრძოლა სითჰების ლორდს და ორთაბრძოლაში ხელი მოკვეთა. დართ სიდიუსმა ძალის ქარბუქი დაატეხა თავს რესპუბლიკის ფლოტს, მაგრამ ლეიამ და ლიუკმა ნათელი ძალით პალპატინსა და ქარბუქს შორის კავშირი დააბრკოლეს. უმართავი ძალის ქარბუქი იმპერატორის ხომალდს შეასკდა და მოსპო. პალპატინის კლონი დაიღუპა, მაგრამ სითჰების ლორდის სულმა კვლავ მოასწრო ახალ სხეულში გადასახლება და ბრძოლა განაგრძო.

ინჟინერმა და იარაღის კონსტრუქტორმა უმაკ ლესმა (Umak Leth) პალპატინისთვის ახალი იარაღი – გალაქტიკური ქვემეხი შექმნა, რამაც იმპერიის ხელში უზარმაზარი გამანადგურებელი ძალა მოაქცია. გალაქტიკური ქვემეხისა და საიმპერატორო ფლოტის დახმარებით, დართ სიდიუსმა კვლავ დაიმორჩილა ახალი რესპუბლიკის ბევრი პლანეტა.

მაგრამ, ამასობაში იმპერიაში შეთქმულება მომწიფდა. მის სათავეში სამეფო გუშაგი კარნორ ჯაქსი (Carnor Jax) იდგა. შეთქმულებაში სხვა რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირიც მონაწილეობდა, მათ შორის იმპერიის მმართველი საბჭოს წევრებიც. Emperors Guard

იმპერატორის სამეფო გუშაგნი (Emperor’s Royal Guard) –  პალპატინის მცველთა პირად ელიტარულ გვარდიას წარმოადგენდნენ.

იმპერიის მმართველი საბჭო (Imperial Ruling Council) – იმპერატორის მრჩევლებისგან შედგებოდა.

იმპერატორის მრჩევლებმა ნეფტამ (Nefta) და სა-დიმ (Sa-Di) პალპატინის კლონები გაანადგურეს. კარნორ ჯაქსმა კი იპერატორის ექიმი მოისყიდა, რათა მას ახალი კლონების შექმნისთვის შეეშალა ხელი – ამდენად, პალპატინი ბოლო კლონის სხეულში აღმოჩნდა გამომწყვდეული, სხეულში, რომელიც შეთქმული ექიმის მიერ შეტანილი გენეტიკური ცვლილებების წყალობით, სწრაფად ბერდებოდა და სუსტდებოდა. ამგვარად, დართ სიდიუსი ფიზიკური დაღუპვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მაშინ მან პლანეტა კორიბანს მიაშურა და სითჰების წინაპართა სულებს ჰკითხა რჩევა. მათ სიდიუსს ლეიასა და ჰან სოლოს ახალშობილი ვაჟის – ანაკინ სოლოს სხეულში გადასახლება ურჩიეს.

ანაკინი პლანეტა ონდერონზე იმყოფებოდა – 10 ABY სწორედ იქეთკენ გაემართა პალპატინიც, სადაც მას ლიუკ სქაიუოკერმა, ჰან სოლომ და სხვა ჯედაებმა მიუსწრეს. იმპერატორი ჯედაებს შეებრძოლა, ერთი – დაჭრა, მეორე – მოკლა, როდესაც სოლომ ის ლაზერის ბლასტერიდან გასროლით დაჭრა. პალპატინის სულმა სხეული მიატოვა და ანაკინისკენ გასწია, მაგრამ ჯედაი ემპატოჯაიოს ბრანდმა (Empatojayos Brand) მას გზა გადაუღობა და ძალის (The Force) დახმარებით შებოჭა. ორთავენი ძალის უფსკრულებში ჩაინთქნენ. იქედან მობრუნება არც ერთ სითჰსა თუ ჯედაის არ შეეძლო, თუმცა კი ბევრნი, მათ შორის ლიუკ სქაიუოკერიც, ფიქრობდნენ, რომ დართ სიდიუსი ერთხელაც იქნებოდა და კვლავ აღსდგებოდა მკვდრეთით საკუთარი იმპერიის დასაბრუნებლად.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

~ by Lord Vader on October 4, 2009.

 
%d bloggers like this: