გალაქტიკური ისტორია: სითჰების ახალი ომი

2000 წ. BBY რესპუბლიკას სითჰების ახალი იმპერია დაუპირისპირდა. ეს იმპერია, რომლის ცენტრალური პლანეტაც რუნი იყო, განდგომილმა მაგისტრმა ფანიუსმა დაარსა. ფანიუსი (Phanius) სითჰების ლორდი დართ რუინი (Darth Ruin) გახდა. დართ რუინს 50 რაინდი ჯედაი მიემხრო, რამაც მეოთხე დიდ განხეთქილებას დაუდო საფუძველი.

ფანიუსი ჯედებს შორის გამორჩეული მაგისტრი იყო და პირველი ჯედაი, რომელიც მაგისტრის ტიტულს ატარებდა და ბნელ მხარეს მიემხრო. სხვადასხვა დროს სულ ოცი მაგისტრი გახდა სითჰების შავი ლორდი, მათგან პირველი ფანიუსი იყო. ბოლო კი – გრაფი დუკუ.

ჯედაები მათ „დაკარგულებს“ (The Lost)* უწოდებდნენ. მათი ქანდაკებები ჯედაების ტაძარში იყო განლაგებული.

ფანიუსი პირველად ჩნდება ლუკასის ჩანაწერებში, რაც პირველ-მესამე ეპიზოდებს დაედო საფუძვლად. მისი ისტორია შემდგომ განავრცო მწერალმა და სცენარისტმა აბელ პენიამ (Abel G. Peña), რომელიც ვარსკვლავური ომებისადმი მიძღვნილი რამდენიმე წიგნისა და პროექტის ავტორია.

სითჰების გამარჯვებებმა რესპუბლიკა მხოლოდ ე.წ. გალაქტიკური ბირთვის (Galactic Core) პლანეტებამდე შეამცირა – სხვაგან სითჰების ხელისუფლება ან ზეგავლენა დამყარდა. 1466 წ. BBY გამართული მიზრას ბრძოლა რესპუბლიკის ძალთა სრული განადგურებით დამთავრდა. დამყარდა ხუთასწლოვანი ე.წ. „ბნელი ერა“. თუმცა, გამარჯვებულ სითჰ ლორდთა შორის ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად შინაომმა იფეთქა.

Lord Hoth რა თქმა უნდა, რესპუბლიკაც არ კარგავდა დროს უქმად – ხელისუფლება მთლიანად ჯედაებს გადაეცათ, რესპუბლიკის სენატს მხოლოდ ფორმალური უფლებები შემორჩა, რესპუბლიკის არმიაც ჯედაებს დაექვემდებარა. მაგისტრ ჯედაის ლორდ ჰოსს (Lord Hoth) სითჰების დამარცხება დაევალა.

იმპერიას სითჰების შავი ლორდი კაანი (Lord Kaan) მართავდა. 1002-1000 წწ. BBY ჯედაებსა და სითჰებს შორის რუუსანის შვიდი ბრძოლა გაიმართა, აქედან ხუთში გამარჯვება ლორდ ჰოსს დარჩა. გადამწყვეტი მეშვიდე ბრძოლის დროს კაანმა სითჰების ყველაზე საზარელი იარაღი – მენტალური ბომბი (Thought Bomb) გამოიყენა, რამაც ყველა ირგვლივ მყოფი ჯედაისა თუ სითჰის დაღუპვა გამოიწვია, თავად ლორდ კაანისა და ლორდ ჰოსის ჩათვლით.

გამარჯვების შემდეგ რესპუბლიკის უმაღლესმა კანცლერმა ტარსუს ვალორუმმა (Tarsus Valorum) საკანონმდებლო რეფორმა განახორციელა – ძალაუფლება სენატს დაუბრუნა, ჯედაების სამხედრო შენაერთები დაშალა და კანცლერის ხელისუფლებას დაუქვემდებარა.

თუმცა, სითჰების ორდენი ბოლომდე განადგურებული არ იყო. დართ კაანის მოწაფემ დართ ბეინმა (Darth Bane) თავი სითჰების ახალ შავ ლორდად გამოაცხადა. ჯედაებმა სცადეს დართ ბეინის მოკვლა, მაგრამ მან თავისი მოწაფის, დართ ზანას დახმარებით თავი დაიხსნა.

დართ ბეინმა სითჰების ორდენის რეფორმა განახორციელა – დაამკვიდრა ე.წ. „ორთა Darth Bane კანონი“ – ლორდთა შორის შინაომის აცილების მიზნით, ერთსა და იმავე დროს გალაქტიკაში მხოლოდ ორი სითჰის არსებობა იყო დაშვებული – მაგისტრისა და მისი მოწაფის (თუმცა მსგავს წესს ბევრად ადრე ექსარ კანი და დართ რევანიც მისდევდნენ). დართ კაანის დროს “ძლიერის კანონი” მოქმედებდა – თანამებრძოლები მან სითჰებს ლორდებად გამოაცხადა, თუმცა, Darth ტიტულის მიღება აუკრძალა – ეს ტიტული მხოლოდ სიუზერენს – ლორდ კაანს ეკუთვნოდა.

ბეინის კანონს ყველა სითჰი არ დამორჩილებია. დართ მილენიალმა (Darth Millennial), რომელსაც წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონდა, მიატოვა სითჰების ახალი ორდენი და 990 წ. BBY პლანეტა დრომუნდ კაასზე გადასახლდა. იქ ის შავი ძალის რელიგიის ფუძემდებელი, მისი მთავარი ქურუმი და წინასწარმეტყველი გახდა.

დართ სიდიუსმა (Darth Sidious) ასევე დაარღვია „ორთა კანონი“, როდესაც დართ პლაგუეისის (Darth Plagueis) მოწაფედ ყოფნისას, თავადაც აიყვანა მოწაფე – დართ მაული (Darth Maul).

ბევრად მოგვიანებით, 25 წ. ABY კიდევ ერთმა ყოფილმა ჯედაიმ თავი სითჰების ლორდ დართ კრაიტად (Darth Krayt) გამოაცხადა და კორიბანზე „ერთი სითჰის“ ახალი ორდენი დაარსა. ის ბეინის „ორთა კანონს“ დაუპირისპირდა – კაანის მსგავსად, მისი აზრით, შესაძლებელი იყო ბევრი სითჰის არსებობა, მხოლოდ ერთი უნდა ყოფილიყო სუზერენი და სხვები – მისი ვასალები.

მთელი 100 წლის განმავლობაში სითჰთა ორდენი ფარულად არსებობდა, მანამ სანამ „პირველ ეპიზოდში“ დართ მაული გამოჩნდა და ღიად დაუპირისპირდა ჯედაებს.

darth krayt

*სხვა ვერსიით, “დაკარგულები“ იმ მაგისტრ ჯედაებს ეწოდებოდათ, რომელთაც ორდენი დატოვეს, მიუხედავად იმისა, მიემხრნენ თუ არა ისინი სითჰებს. რამდენადაც, ყველა „დაკარგულის“ სახელი არ არის ცნობილი, ძნელია იმის თქმა, თუ რა ბედი ეწიათ მათ „დაკარგვის“ შემდეგ, თუმცა მაგისტრი ჩონ აქტრიონი (Chon Actrion), რომელმაც დატოვა ორდენი, მაგრამ კვლავ ნათელ მხარეს დარჩა, არ მოიხსენიება „დაკარგულთა“ შორის. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანია ვიფიქროთ, რომ „დაკარგული ოცეული“ სწორედ ის ოცი მაგისტრი ჯედაია, რომელიც სითჰების ლორდი გახდა.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

~ by Lord Vader on April 4, 2009.

2 Responses to “გალაქტიკური ისტორია: სითჰების ახალი ომი”

  1. M A G A R I A !!!
    ufro vrclad … ?

    Like

    • უფრო ვრცლად – კომიქსებში, სცენარებში, ვიდეო-თამაშებში და ანიმაციურ სერიალებში🙂

      Like

Comments are closed.

 
%d bloggers like this: