გალაქტიკური ისტორია: პირველი რესპუბლიკა

ჯინს თუ ბოთლიდან ამოუშვებ, მისი უკან დაბრუნება ძალიან ძნელია. დღეს „ვარსკვლავურ ომებს“ მთელს მსოფლიოში მილიონობით (თუ მილიარდობით არა) თაყვანისმცემელი ჰყავს. ვარსკვლავური საგის შესახებ დაწერილია უმარავი წიგნი, დახატუალია უამრავი კომიქსი. კლასიკური 6 ფილმის გარდა, გადაღებულია ტელე-სერიალი და ანიმაციური სერიალი. დადგმულია სპექტაკლები. არსებობს „ვარკსკვლავური ომების“ თემატიკაზე შექმნილი სხვადასხვა ჟანრის კომპიუტერული თამაშები.

ამ ყველაფერს აერთიანებს ე.წ. „ვარკვლავური ომების გაფართოებული სამყარო“ (Star Wars Expanded Universe – Star Wars EU, SWEU). ვარსკლვალური ომების ყველა სახის პროდუქციაზე საავტორო უფლებებს სრულად ფლობს ჯორჯ ლუკასი, ამდენად, „გაფართოებული სამყარო“ ვარსკვლავური საგის ოფიციალურ ნაწილად უნდა მივიჩნიოთ. SWEU-ში აღწერილი ამბები და ისტორიები მრავალ ათას წელს მოიცავს და მნიშვნელოვნად ცდება კლასიკური საგის ქრონოლოგიას.

გალაქტიკური წელთაღრიცხვა პირობითად „პირველი ეპიზოდიდან“ აითვლება (იავინის ბრძოლა, როდესაც ჰან სოლო და ლიუკ სქაიუოკერი პირველ “სიკვდილის ვარსკვლავს” („Death Star“) ანადგურებენ გალაქტიკურ 0 წლად მიიჩნევა).

25000 – 1000 წწ. BBY* – ე.წ. ძველი რესპუბლიკის (იგივე პირველი რესპუბლიკის) წლებია. პლანეტები გალაქტიკური კონსტიტუციის საფუძველზე შექმნილ რესპუბლიკაში გაერთიანდნენ, რითაც დასრულდა რასებს შორის დიდი თუ მცირე ომები. რესპუბლიკის სათავეში სენატის მიერ 4 წლის ვადით არჩეული უმაღლესი კანცლერია. ერთი და იგივე პიროვნება კანცლერად მხოლოდ ორჯერ შეიძლებოდა რომ აერჩიათ (რეფერენდუმები და რამე ეგეთი ვადის გასაგრძელებლად ცუდ ტონად მიიჩნეოდა :)).

მშვიდობას რესპუბლიკაში იცავდნენ ჯედაები. რესპუბლიკის ბოლო წლების განმავლობაში (1600-1000 წწ. BBY) კანცლერიც ასევე ჯედაი იყო (ეს კი აშკარა ინტერესთა კონფლიქტია :)).

Arden Llyn24500 წ. BBY ჯედაებს შორის პირველი დიდი განხეთქილება ხდება – ჯედაი ქსენდორი (Xendor) განუდგება ჯედაების სწავლებას და საკუთარ ორდენს აარსებს. ქსენდორის აზრით, ჭეშმარიტი ძალის დაუფლება შესაძლებელი იყო არა მშვიდი და მდუმარე მედიტაციით (როგორც ამას მაგისტრი ჯედაები ქადაგებდნენ), არამედ მხოლოდ ვნებითა და ემოციით. ის უძველეს მაგისტრთა სწავლებას დაეუფლა და ძალის მანამდე დაფარულ მხარეთა შემეცნება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ქსენდორმა რამდენიმე რჩეული ჯედაი მიიმხრო, მათი ძალები მაინც მცირერიცხოვანი იყო. ქსენდორის დაღუპვის შემდეგ, ბრძოლა მისმა მოწაფემ და სატრფომ არდენ ლინმა (Arden Lyn) გააგრძელა.

ჯედაებმა კოლამასის ბრძოლაში მოახერხეს ქსენდორის ლეგიონის დამარცხება, თუმცა ამ ბრძოლაში ორთავე მხრიდან თითქმის ყველა დაიღუპა. პადავანმა პოტსმა ბრძოლის ველიდან გამოაღწია, მაგრამ მიღებული ჭრილობებისგან მალევე გარდაიცვალა. არდენ ლინმა ორთაბრძოლაში მოკლა მაგისტრი აუდრისტა პინა (Awdrysta Pina), მაგრამ სიკვდილამდე ჯედაიმ არდენ ლინის გულის გაჩერება მოასწრო – ლინი გადარჩა, მაგრამ ლეთარგიული ძილით დაიძინა.

12000 წ. BBY გალაქტიკური რესპუბლიკის უმაღლესი კანცლერი კონტისპექსი (Contispex) გახდა, რომლის მმართველობის წლები ქსენოფობიისა და რელიგიური შეუწყნარებლობის ხანად იქცა. კონტისპექსის მომხრეებმა „ჯვაროსნული ომი“ გააჩაღეს, რაც დაახლოებით 1000 წელი მიმდინარეობდა. ამ დროს წარმოშობილი განხეთქილება რასებსა და ხალხებს შორის მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რესპუბლიკის მარცხსა და სითჰების აღზევებაში.

Ajunta Pall7003 წ. BBY ჯედაებს შორის მეორე დიდი განხეთქილება მოხდა. ორდენიდან განკვეთის შემდეგ, ჯედაი აჯანტა პოლმა (Ajunta Pall) ძალის დაფარული ცოდნის დახმარებით, ლევიათანები და სხვა მონსტრები შექმნა და მხარდამჭერთა მცირე ჯგუფთან ერთად ჯედაების ოდენს დაუპირისპირდა. ეს ეპოქა „ასწლიანი ბნელეთის“ სახელითაა ცნობილი. 6900 წ. BBY კორბოსის გადამწყვეტ ბრძოლაში ისინი დამარცხდნენ. თავად აჯანტა პოლმა თორმეტზე მეტი ჯედაი მოკლა, მაგრამ ჯედაების კოსმიურმა ხომალდებმა ორბიტალური დაბომბვის ტაქტიკა გამოიყენეს (რაც, ჩვეულებრივ,  პლანეტის პრაქტიკულად სრული განადგურებით მთავრდებოდა) და ამ გზით გამარჯვება მოიპოვეს. აჯანტა პოლი, მისი მიმდევარი კარნას მუური (Karness Muur) და მათი სხვა მხარდამჭერები გალაქტიკური რესპუბლიკის საზღვრებიდან განიდევნენ.

ჯედაების აზრით, განდევნილნი ვერ უნდა გადარჩენილიყვნენ, მაგრამ მათ პლანეტა კორიბანს მიაღწიეს, სადაც მათთვის მანამდე უცნობი ადამიანთა რასა – სითჰები სახლობდნენ. სითჰებმა დევნილი ჯედაები საკუთარ ღმერთებად მიიჩნიეს. აჯანტა პოლი – სითჰების მმართველი და პირველი შავი** ლორდი გახდა.

5000 წ. BBY სითჰების ლორდმა ნაგა სედოუმ (Naga Sadow) რესპუბლიკის წინააღმდეგ ომი წამოიწყო – იგი პირველი გალაქტიკათაშორისი ომის სახელწოდებითაა ცნობილი. რესპუბლიკა სითჰების იმპერიას ბევრად აღემატებოდა ძალებითა და სიდიდით, ამასთან სითჰ მთავარსარდლებს შორის განხეთქილებამ იჩინა თავი და ნაგა სედოუ დამარცხდა. ამ გამარჯვების შემდეგ სენატმა ჯედაებს ნება დართო კურესანტის წმინდა მთაზე განლაგებულიყვნენ – კურესანტის მთა ე.წ. „ძალის ჯაჭვში“ მდებარეობდა (მსგავსად ამისა, სითჰების ძალის ჯაჭვი პლანეტა კორიბანზე – სითჰ ლორდთა მდელოზე მდებარეობდა).

4250 წ. BBY მესამე დიდი განხეთქილება მოხდა. სამოქალაქო ომმა ჯედაებს შორის უშუალოდ კურესანტის მთაზე იფეთქა. განდგომილი ჯედაები ამჯერადაც დამარცხდნენ. ისინი ვალტარის პლანეტაზე გადასახლდნენ. იქ მათ უძველესი სამხედრო ტექნოლოგიები აღმოაჩინეს, მაგრამ მათი მართვა ვერ შეძლეს, რაც საბოლოოდ პლანეტის განადგურებითა და განდგომილი ჯედაების კოლონიის დაღუპვით დამთავრდა.

4019 წ. BBY ოთხმა მაგისტრმა ჯედაიმ – ორმა მეომარმა და ორმა ბრძენმა – კურესანტზე ჯედაების ტაძარი დააფუძნა – 4000 წლის განმავლობაში ტაძარი ჯედაების წვრთნისა და განათლების მთავარი ცენტრი იყო, სანამ 501-ე ლეგიონმა ლორდ ვეიდრის მეთაურობით 19 წ. BBY შტურმით არ აიღო და მისი დამცველები და იქ მყოფი ჯედაების უმრავლესობა არ ამოხოცა.

jedi temple

პირველი რესპუბლიკის ისტორია აღწერილია კომიკსების სერიაში – „ძველი რესპუბლიკის რაინდები“ („Knights of the Old Republic“) და კანადელი სცენარისტის დრიუ კარპიშინის წიგნში „დართ ბეინი – გზა დაღუპვისკენ“ (Darth Bane: Path of Destruction).

* BBY (Before the Battle of Yavin) აღნიშნავს იავინის ბრძოლამდე პერიოდს, შესაბამისად ABY (After the Battle of Yavin) იავინის შემდგომ პერიოდს.
** Dark – უფრო ზუსტად, ალბათ, “ბნელია” (“ნათელის” საპირისპირო, რასაც ჯედაები განასახიერებენ), მაგრამ ვინაიდან შავი და თეთრი მაგი, მაგია დამკვიდრებულია  ქართულ ენაში, ამ შესატყვისს ვიყენებ.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

~ by Lord Vader on March 8, 2009.

3 Responses to “გალაქტიკური ისტორია: პირველი რესპუბლიკა”

  1. მაგარი რამეა ეს ვარსკვლავთა ომები. მე ის მომწონს, მომავალზე რომ წარსულში საუბრობენ. ანუ მოქმედება ხომ მომავალში ხდება და ძალიან დიდი ხნის წინო, ამბობენ ფილმის დასაწყისში…😀 ნუ, ეს ისე ვთქვი მაინც.

    Like

  2. ციცერონს არ ვეთანხმები, სულაც არაა ეს მომავალი.
    დააკვირდი ტიტრების პირველივე ფრაზას – დიდი-დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ შორეულ გალაქტიკაში…
    😉

    Like

  3. ეგ დასაწყისი ჩვენებური იყო და არა იყო რაა რა🙂

    Like

Comments are closed.

 
%d bloggers like this: