May 19, 2005: Every saga has an end :(

„მესამე ეპიზოდის“ ფაბულა, ყველა სხვა დანარჩენის მსგავსად, ისევ იმ 1973 წლის ჩანაწერებითა და ჩანახატებით გავსებული ლუკასის ლეგენდარული „ვარსკვლავური“ ბლოკნოტით საზრდოობდა, თუმცა, მოგვიანებით რეჟისორმა, რა თქმა უნდა, საფუძვლიანად გადაამუშავა პირვანდელი იდეა, მოიგონა ახალი პერსონაჟები და ძველებს კი ბიოგრაფია ახალი დეტალებით გაუმდიდრა.

სცენარზე მუშაობა ლუკასმა ჯერ კიდევ „კლონების შეტევის“ გადაღების პარალელურად დაიწყო. 2003 წელს მან „მესამე ეპიზოდის“ სცენარი დაასრულა და ის „გასაჩარხად“ ტომ სტოპარდს გადასცა.

ლუკასს მშვენივრად ესმოდა „მესამე ეპიზოდის“ განსაკუთრებული მნიშვნელობა. მისი თითოეული დეტალი, დიალოგები, პერსონაჟთა ურთიერთდამოკიდებულება, სიუჟეტის განვითარების ტემპი ლუკასისა და სტოპარდის მიერ სკურპულოზურად იქნა დამუშავებული. ყველაზე დიდი დრო და ძალისხმევა, ცხადია, ანაკინ სქაიუოკერის დართ ვეიდერად გადაქცევის მიზეზებსა და პერიპეტიებს დაეთმო. ლუკასს სურდა – ეს ტრანსფორმაცია რაც შეიძლება დამაჯერებელი ყოფილიყო.

Lucas and Christensen

ფილმის სათაურის შერჩევასაც ასევე დიდი დრო დაეთმო. რამდენიმე ვარიანტის (მათ შორის შემოქმედებით ჯგუფში პოპულარული „იმპერიის დაბადების“ და 2004 წლის პირველ აპრილს (!) ოფიციალურ საიტზე გამოცხადებული „შემაძრწუნებელი შიშის“) უარყოფის შემდეგ „სითჰების შურისძიება“ შეირჩა – ამდენად, „მესამე ეპიზოდი“ სიმბოლურად მეექვსე ეპიზოდს ეხმაურება და უპირისპირდება (მეექვსე ეპიზოდის თავდაპირველი სათაური, როგორც ცნობილია, „ჯედაის შურისძიება“ იყო – მოგვიანებით ლუკასმა განმარტა, რომ შურისძიების გრძნობა ჯედაებისთვის მიუღებელია და ფილმის სახელწოდებაც „ჯედაის დაბრუნებით“ შეცვალა).

სპეციალური ეფექტების შესარჩევად მხატვარ-დიზაინერების მიერ შეთავაზებული უამრავი ვარიანტი ჯორჯ ლუკასმა გადაარჩია და ლეგენდარულ ხმის რეჟისორ, ბენ ბარტთან (რომელიც საგაში ლორდ ვეიდერის ნაცვლად სუნთქავდა და R2-D2 ნაცვლად „საუბრობდა“) ერთად, ფილმის შესაბამისი ეპიზოდები ჯერ კომპიუტერულ სამგანზომილებიან გრაფიკაში შექმნა. საუკეთესო ვიზუალური ეპიზოდების შესარჩევად, მათ რამდენჯერმე

ამ საქმის უბადლო მცოდნე სტივენ სპილბერგიც კი დაიხმარეს.

მთლიანობაში ფილმის ვიზუალურ მხარეზე 910 მხატვარ-დიზაინერი მუშაობდა.

მთელს ამ სამუშაოს ფუჭად რომ არ ჩაუვლია – ეკრანზე ჩანს.

Anakin ObiWan fightl

ანაკინ სქაიუოკერისა და ობი-ვან კენობის შთამბეჭდავი ორთაბრძოლა ჰაიდენ ქრისტენსენისა და ევან მაკგრეგორის მრავალთვიანი დაუღალავი ვარჯიშისა და კასკადიორ და კასკადიორული და ე.წ. „ექშენ“ სცენების დამდგმელის, ნიკ ჯილარდის ნიჭის დამსახურებაა.

ნიკ ჯილარდი საგის სხვა ეპიზოდებშიც მონაწილეობდა როგორც კასკადიორი, კასკადიორული სცენების დამდგმელი, ხმლებით ორთაბრძოლების დამდგმელი. „მესამე ეპიზოდში“ კი, ამის გარდა, ჯედაი კინ დრალიჯის პაწაწინა როლშიც ჩნდება (პერსონაჟის სახელი – კინ დრალიჯი კასკადიორის ნამდვილი სახელი და გვარია, ოღონდ მარჯვნიდან-მარცხნივ წაკითხული).

ნიკ ჯილარდი ასევე თანამშრომლობდა სტივენ სპილბერგთან („ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა“) და ტიმ ბარტონთან („მთვლემარე ღრმული“).

რამდენადაც, დართ ვეიდერის პირველი შემსრულებელი დეივიდ პრაუსი ჰაიდენ ქრისტენსენზე საგრძნობლად მაღალი და მხარბეჭიანი იყო, ჯორჯ ლუკასი ფიქრობდა „მესამე ეპიზოდში“ საგანგებოდ ვეიდერის განსახიერებისთვის ვინმე ფიზიკური მონაცემებით უფრო შესაფერისი მსახიობი მოეწვია, მაგრამ ქრისტენსენმა წინდაწინვე დაიჭირა თადარიგი და როლი „დაიბევა“. მას წონაში მომატება და სპეციალური ჩექმებისა და თავდაპირველთან შედარებით უფრო მაღალი მუზარადის ტარება მოუწია, რათა სიმაღლეში განსხვავება ნაკლებ თვალშისაცემი ყოფილიყო.

2005 წლის 15 მაისს „სითჰების შურისძიება“ არასაკონკურსო ჩვენებით კანის ფესტივალზე წარადგინეს, ხოლო 19 მაისს ვარსკვლავური საგის მესამე ფილმი ეკრანებზე გამოვიდა. როგორც ამბობენ, მილიონობით ადამიანმა ამ დღეს სამუშაოს გაცდენა და კინოში წასვლა ამჯობინა. აშშ-ს ეკონომიკაში ამის გამო იმ დღეს 600 მილიონზე მეტი ღირებულების პროდუქტი არ შეიქმნა, სამაგიეროდ ფილმის მთლიანმა შემოსავალმა თითქმის 850 მილიონ დოლარს მიაღწია (გადაღება 113 მილიონი დოლარი დაჯდა).

„სითჰების შურისძიება“ 2005 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა აშშ-ში, მსოფლიო კინოგაქირავებაში კი მას, ამ მხრივ, მხოლოდ მეორე ადგილი ერგო – ფილმ „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასის“ შემდეგ (რაც ნათლად ადასტურებს, რომ, მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპისა, ამერიკელ კინომოყვარულთა გემოვნება დანარჩენი მსოფლიოს კონომოყვარულთა კოლექტიურ გემოვნებას ჯობნის :)).

star wars 3 poster

„მესამე ეპიზოდს“ მოპოვებული აქვს „სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა და საშინელებათა ფილმების აკადემიის“ (“Academy of Science Fiction, Fantasy & Horror Films, USA”) ჯილდო, როგორც საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმს, ხოლო ჯონ უილიამსს – როგორც საუკეთესო მუსიკის ავტორს.

2006 წლის „ჰოლივუდის ფილმების ფესტივალზე“ (“Hollywood Film Festival”) „სითჰების შურისძიებამ“ წლის საუკეთესო ჰოლივუდური ფილმის ჯილდო („”Hollywood Movie of the Year Award”) მოიპოვა.

ჰაიდენ ქრისტენსენის თამაში ერთდროულად აღინიშნა MTV-ს ჯილდოთი (“MTV Movie Award”) (საუკეთესო ბოროტმოქმედის სახის შექმნისთვის), და „ოქროს ჟოლოთი“ (“Razzie Award”) (მეორე პლანის ყველაზე უარეს მსახიობს).

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

~ by Lord Vader on March 3, 2009.

 
%d bloggers like this: