May 16, 2002: Clones & Clowns

„ვარსკვლავური ომების“ „მეორე ეპიზოდი – კლონების შეტევა“ 2002 წლის 16 მაისს გამოვიდა ეკრანებზე.

„მეორე ეპიზოდი“ ახალი ტექნოლოგიით – მაღალი გარჩევადობის 24-კადრიანი ციფრული HDW-F900 კამერით გადაღებული პირველი ფილმია. ამით ფილმის ღირსებები ამოიწურება😦 ამდენად, არც ისაა გასაკვირი, რომ „კლონების შეტევა“ ერთადერთია საგაში, რომლის კინოგაქირავებიდან პირველი წლის შემოსავალი გაწეულ ხარჯებზე ნაკლები აღმოჩნდა. შემოსავლების მიხედვით „მეორე ეპიზოდი“ ჩამორჩა ფილმებს: „ბეჭდების მბრძანებელი – ორი კოშკი“, „ჰარი პოტერი – საიდუმლოებათა ოთახი“ და (ვაი სირცხვილო და თავის მოჭრავ!) – „სპაიდერმენი“.😦

როგორც ჩანს, ჯორჯ ლუკასი, რომელიც ფილმის რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარის თანაავტორი (ჯონათან ჰეილსთან ერთად) გახლავთ, ფილმის გადაღებისას უფრო მეტად საგის ბოლო (ქრონოლოგიურად – მესამე) ფილმზე ფიქრობდა და ყველა საუკეთესო იდეა, რაც თავში მოუვიდა, „მესამე ეპიზოდისთვის“ შემოინახა, სამაგიეროდ, „მეორე ეპიზოდი“ ანაკინ-პადმე/ამიდალას რომანტიკულ-ფსევდო-დრამატული სცენებით, ასევე უსაშველოდ გაწელილი და უშინაარსო დიალოგებით შეავსო.

Attack of the Clones

„კლონების შეტევა“ ერთადერთია საგის ისტორიაში, რომლიდანაც კარგა ნახევარი საათის ხანგრძლივობის კადრების ამოჭრა ისე შეიძლება, რომ ფილმს ამით არც არაფერი დააკლდეს.

ანაკინ სქაიუოკერის როლზე რამდენიმე ადამიანი განიხილებოდა (რაიან ფილიპესა და ლეონარდო დი კაპრიოს ჩათვლით). სამწუხაროდ, ჰაიდენ ქრისტენსენი არ იყო საუკეთესო არჩევანი. ყველა იმ ადამიანს შორის, ვინც დართ ვეიდერის სახის შექმნაში მიიღო მონაწილეობა (ასეთები კი, როგორც ადრე ვწერდი, ბევრნი იყვნენ) ჰაიდენ ქრისტენსენი ყველაზე „სუსტი რგოლია“😦

საგაში პირველად გამოჩნდნენ შესანიშნავი მსახიობები ქრისტოფერ ლი (გრაფი დუკუ) და სემიუელ ელ ჯექსონი (მაგისტრი ვინდუ). ქრისტოფერ ლი ნამდვილად ბრწყინვალეა. სემიუელ ელ ჯექსონის კინოკარიერაში ეს როლი, შეიძლება, საუკეთესო არ არის, მაგრამ არც ცუდია. ჯექსონი (ალბათ, მისი ვარსკვლავური სტატუსის ხაზგასასმელად) იისფერი ლაზერის მახვილით იბრძვის – აქამდე ჯედაებს მხოლოდ მწვანე და ლურჯი ფერის მახვილები ჰქონდათ.

რის მიმართაც ძნელია უკმაყოფილების გამოთქმა – ეს სპეც-ეფექტებია. საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე და მიღებული აქვს სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზის და საშინელებათა ფილმების ამერიკული აკადემიის ჯილდო „სატურნი“. „სატურნით“ დაჯილდოვდნენ ასევე ფილმის კოსტიუმების შემქმნელები.

Dooku vs Yoda

შესანიშნავადაა გადაღებული მაგისტრ იოდასა და გრაფ დუკუს ორთაბრძოლის სცენა, რომელიც MTV-ს და ბრიტანული იმპერიის ჯილდოთიც („MTV Movie Award“ და „Empire Award“) აღინიშნა. ფილმის ბიუჯეტი 115 მილიონ დოლარს აღემატებოდა, ხოლო მთლიანმა შემოსავლებმა 650 მილიონს გადააჭარბა.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

~ by Lord Vader on January 29, 2009.

One Response to “May 16, 2002: Clones & Clowns”

  1. კი მარა სპაიდერმენს რას ერჩი?

    Like

Comments are closed.

 
%d bloggers like this: