May 19, 1999: Every saga has a beginning

Every generation has a legend.

Every journey has a first step.

Every saga has a beginning.

მიუხედავად იმისა, რომ თავისი საგის გადაღება ლუკასმა შუიდან – „მეოთხე ეპიზოდით“ დაიწყო, „პირველი ეპიზოდის“ შავი სცენარი მან ჯერ კიდევ 1976 წელს დაწერა. მართალია, ის სულ რაღაც 15 გვერდი იყო, მაგრამ სწორედ ეს 15 გვერდი დაედო საფუძვლად ვარსკვლავური საგის „პირველ ეპიზოდს“.

1994 წლის 1 ნოემბერს ჯორჯ ლუკასი სცენარს ჩაუჯდა. თავდაპირველი ჩანაფიქრით მას „დასაწყისი“ (“The Beginning”) უნდა რქმეოდა, მუშაობის პროცესში სხვადასხვა ცვლილებებთან ერთად სახელწოდებაც შეიცვალა და ფილმი გაქირავებაში „მოჩვენებითი საფრთხის“ (“Phantom Menace”) სახელით გამოვიდა.

სცენარის დაწერას ლუკასმა დაახლოებით ოთხი თვე მოანდომა. რამდენადაც პირველი ფილმის (ანუ „მეოთხე ეპიზოდის“) გადაღების შემდეგ 20 წელიწადზე მეტი იყო გასული და კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებას კინოწარმოებაში ნამდვილი რევოლუციის მოხდენა მოესწრო, სპეც-ეფექტების ჯგუფს დიდი ჯაფა ადგა, რათა, ერთი მხრივ, მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის სრულად გამოყენება და მეორე მხრივ, წინა „ეპიზოდებთან“ კავშირის შენარჩუნება და საგის ვიზუალური მთლიანობის შენარჩუნება მოეხერხებინათ.

„Industrial Light & Magic“-ის ჯგუფმა ჯონ ნოლის ხელმძღვანელობით სპეციალურად ფილმისთვის რამდენიმე კომპიუტერული პროგრამაც კი დაწერა გამორჩეული ვიზუალური ეფექტების მისაღწევად.

ნოლის თქმით, ყველაზე რთული ამოცანა ფილმისთვის ცოცხალ პერსონაჟთაგან განურჩეველი ანიმაციური არსებების შექმნა იყო. ისეთების, როგორიცაა ჯარ ჯარ ბინქსი – სრულად კომპიუტერის მიერ შექმნილი გმირი.

 jar jar binks

ფილმის ვიზუალური ეფექტების ხელმძღვანელი ჯონ ნოლი კომპიუტერული დიზაინის გამორჩეული სპეციალისტია. მის მიერ მიღებული ჯილდოებისა და ნომინაციების სია, ალბათ, რამდენიმე გვერდს დაიჭერს. „ვარსკვლავური ომების“ გარდა, აღსანიშნავია მისი ნამუშევრები ფილმებისთვის: „კარიბის ზღვის მეკობრეები“ (რეჟისორი გორ ვერბინსკი), „შეუსრულებელი მისია“ (რეჟისორი ბრაიან დე პალმა), „ნადირობა წითელ ოქტომბერზე“(რეჟისორი ჯონ მაქტირნენი), „ლურჯი ღრმა ზღვა“ (რეჟისორი რენი ჰარლინი), „უფსკრული“ (რეჟისორი ჯეიმს კემერონი), აგრეთვე „ჰუძონელი ქორი“, „სტარ-ტრეკი“…

ჯონ ნოლი, ძმა ტომასთან ერთად, „ადობე ფოტოშოფის“ შემქმნელია.

ფილმის ვიზუალური ეფექტების დიზაინერი დუგ ჩიანია – ტაივანში დაბადებული ამერიკელი მხატვარი, რომელიც „პირველი ეპიზოდის“ გარდა მუშაობდა ისეთ სპეციალური ეფექტებით გამორჩეულ ფილმებზე, როგორიცაა ჯეიმს კემერონის „ტერმინატორი-2“, ჩაკ რასელის „ნიღაბი“, სტივენ სპილბერგის „სამყაროთა ომები“, რობერტ ზემეკისის „მას სიკვდილი უხდება“, „პოლარული ექსპრესი“ და „ბეოვულფი“. ის მუშაობდა აგრეთვე ჯერი ცუკერთან ფილმზე „მოჩვენება“, ოლივერ სტოუნთან ფილმზე „დორზი“, და კვლავ რობერტ ზემეკისთან ფილმებზე „ფორესტ გამპი“ და „საშობაო სიმღერა“ (რომლის პრემიერაც ამ დღეებშია).

ლუკასმა ჩიანი „მეორე ეპიზოდის“ გადასაღებადაც მიიწვია.

დუგ ჩიანმა დაიმსახურა ოსკარი და ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდო – BAFTA თავისი ნამუშევრისთვის ზემეკისის ფილმში „მას სიკვდილი უხდება“ და მეორე BAFTA ნამუშევრისთვის ზემეკისის ფილმში „ფორესტ გამპი“. კიდევ რამდენჯერ მე იყო ნომინირებული და მოპოვებულიც აქვს სხვადასხვა პრესტიჟული პრიზი, მათ შორის რეკლამისა და დიზაინის ჯილდო კლიო „მალაიზიური ავიახაზებისთვის“ დამზადებული სარეკლამო კლიპისთვის.

გადაღებები 1997 წლის ივნისში დაიწყო და საკმაოდ სწრაფად – სექტემბერში დასრულდა. ფილმის ბიუჯეტი 155 მილიონი დოლარია (ამ მხრივ „პირველი ეპიზოდი“ საგის რეკორდსმენია), გაქირავებიდან მისი შემოსავალმა კი 900 მილიონ დოლარს გადააჭარბა.phantom menace posterფილმი სამ ოსკარზე იყო ნომინირებული – საუკეთესო ხმის, საუკეთესო ხმოვანი ეფექტებისა და საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის, თუმცა ვერც ერთი ვერ მიიღო. გარკვეული თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლუკასს არ გაუმართლა – 1991 წელი მეორე ხმაურიანი პრემიერით აღინიშნა – ეს იყო ენდი და ლარი ვაჩოვსკების „მატრიცა“, რომელსაც პატივი ერგო გამხდარიყო ჰოლივუდის ისტორიაში პირველი ფილმი, რომელმაც ოსკარებისთვის ბრძოლაში „ვარსკვლავური ომების“ დამარცხება მოახერხა.

სამაგიეროდ, „პირველმა ეპიზოდმა“ „სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა და საშინელებათა ფილმების აკადემიის“ („Academy of Science Fiction, Fantasy & Horror Films, USA“) ჯილდო დაიმსახურა სპეციალური ეფექტებისთვის, ხოლო ჯონ უილიამსმა „ბი-ემ-აი“-ს (“BMI”) ჯილდო – მუსიკისთვის. ფილმს სხვადასხვა ქვეყნისა და ასოციაციის კიდევ სხვა 9 პრიზი აქვს მოპოვებული.

რამდენადაც გასაოცარი უნდა იყოს, კრიტიკოსთა მხრივ ფილმს არაერთგვაროვანი შეფასება ხვდა წილად. ჟურნალმა „Entertainment Weekly“ (რომელსაც საგამომცემლო სახლი „Time Inc.“ გამოსცემს) „პირველი ეპიზოდი“ ყველა დროის 25 ყველაზე ცუდ სიქველად დაასახელა. ამ სიაში „მოჩვენებითი საფრთხე“ „მაიმუნთა პლანეტისა“ და „ყბების“ გაგრძელების, მეორე „მატრიცისა“ და მესამე „ნათლიის“, „ოუშენის 12 მეგობრისა“ და „ბეტმენისა და რობინის“ გვერდით მოხვდა.

როგორც იტყვიან – ჟურნალის სინდისზე იყოს.🙂

არ ვიცი ვის სინდისზე დარჩება ლაქად ფილმის, რეჟისორის, მსახიობ ჯეკ ლოიდისა და ნატალი პორტმანის ნომინაცია „ოქროს ჟოლოზე“ (“Razzie Award”)🙂

სოფია კოპოლას „ოქროს ჟოლოს“ ნომინაციის მიმართ – პრეტენზიები არ მაქვს.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

~ by Lord Vader on November 5, 2008.

2 Responses to “May 19, 1999: Every saga has a beginning”

  1. მეც ყველაზე სუსტ ნაწილად სწორედ ეს ნაწილი მიმაჩნია. რაღაც სული აკლია თითქოს, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ Star wars-ს კი არა star trek-ს ვუყურებ.

    Like

    • მე კი ძალიან მომწონს.
      კარგი მსახიობები არიან. ასევე საკაიფოდაა გადაღებული – ეფექტები.
      და დართ მაულის გამოჩენა და ბრძოლის სცენა, ჩემი აზრით, ეღტ-ერთი საუკეთესოა SW-ის მთელ საგაში.

      Like

Comments are closed.

 
%d bloggers like this: