ვარსკვლავური ომები: ვარსკვლავური ფილმი ვარსკვლავების გარეშე (part 2)

ჰარისონ ფორდმა – ჰან სოლომ (Harrison Ford AKA Han Solo) ”ვარსკვლავურ ომებში” გადაღებამდე პატარა როლი შეასრულა ლუკასისეულ ”ამერიკულ გრაფიტიში”, აგრეთვე, კიდევ უფრო ადრე, გაიელვა ანტონიონის ფილმში ”ზაბრისკი პოინტ”.

”მეოთხე ეპიზოდისთვის” მსახიობთა შერჩევისას ის ჯორჯ ლუკასს ეხმარებოდა – კითხულობდა პერსონაჟთა რეპლიკებს და თან საკუთარ კომენტარებსაც არ იშურებდა, მაგალითად ასეთს:

”რა ჯანდაბაა… ჯორჯ, შენ კი ბეჭდავ ამ სისულელეს, მაგრამ, ნიძლავსა ვარ, თავადაც კი ვერასოდეს გამოთქვამ!”

მიუხედავად იმისა, რომ თავად ფორდი როლზე არ გაუსინჯავთ, ჰან სოლო საბოლოო ჯამში სწორედ ის გახდა.

Harrison Ford საუბარი ფორდის კინომატოგრაფიულ დამსახურებებზე, ფილმებსა და ჯილდოებზე, ვფიქრობ, ზედმეტია. ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, მაღალანაზღაურებადი და კარგი მსახიობია.

სანამ კვაი-გონ ჯინი ალეკ გინესს – ობი-ვან კენობის (Alec Guiness AKA Obi-Wan Kenobi) ჯედაიდ აკურთხებდა, ელისაბედ მეორეს უკვე მოესწრო მისი რაინდად ხელდასხმა. ასე რომ, სერ ალეკ გინესი ერთადერთია, ვინც ”მეოთხე ეპიზოდის” გადაღებებს არა მხოლოდ გამორჩეული როლებით, არამედ ტიტულითა და ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დამშვენებული შეხვდა და, ალბათ, ერთადერთი, ვინც სრულიადაც არ გრძნობდა თავს კომფორტულად, როდესაც მას კინოს მოყვარულები ”ვარსკვლავური” როლით ცნობდნენ: ”ახლა კარგად მესმის არტურ კონან-დოილის, როდესაც მას მხოლოდ შერლოკ ჰოლმსის ავტორად მოიხსენიებდნენ”,- უთქვამს გინესს.

ინგლისელმა მსახიობმა პირველი თეატრალური როლი ჯონ გილგუდის მიერ დადგმულ ”ჰამლეტში” მიიღო (იორიკი). აქედან მოყოლებული და კარიერის დასრულებამდე შექსპირის პიესების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებში მან არაერთი როლი შეასრულა.

მისი კინოკარიერა ინგლისური ლიტერატურის კიდევ ერთი კლასიკოსის – დიკენსის ნაწარმოებებს უკავშირდება. 40-იანი წლების ბოლოს ალეკ გინესი თამაშობს დიდი ინგლისელი რეჟისორის დეივიდ ლინის მირ გადაღებულ ”დიდ მოლოდინსა” და ”ოლივერ ტვისტში”,* ამავე რეჟისორის მიერ პიერ ბულის** რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმებში ”ხიდი მდინარეზე”(პოლკოვნიკი ნიკოლსონის როლისთვის ოსკარი მიიღო), ”დოქტორი ჟივაგო” და, ალბათ, ყველაზე ცნობილ ”ლოურენს არაბში”, აგრეთვე გილბერთ კიტ ჩესტერტონის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულ ”მამა ბრაუნში”, გრემ გრინის რომანების მიხედვით გადაღებულ ფილმებში: ”ჩვენი კაცი ჰავანაში” და ”კომედიანტები”(სადაც აგრეთვე თამაშობდა ჯეიმს ეარლ ჯონსი – ლორდ ვეიდერის ”ხმა”), ენტონი მანის ”რომის იმპერიის დაცემაში”, ”ქუილერის მემორანდუმში”, რომელიც მაიკლ ანდერსონმა აწ უკვე ნობელის პრემიის ლაურეატ ჰაროლდ პინტერის სცენარის მიხედვით გადაიღო, ფრანკო ძეფირელის ”ძმაო მზევ და დაო მთვარევ” ( წმინდა ფრანცისკ ასიზელის ცხოვრების ამსახველი ფილმი), კვლავ დიკენსის მიხედვით გადაღებულ ”ძუნწში”… და ეს ყველაფერი ”ვარსკვლავურ ომებში” მიწვევამდე!🙂

Alec Guinness

”მეოთხე ეპიზოდში” განსახიერებული როლისთვის მიღებული აქვს ”სატურნი”. გარდა ამისა მიღებული აქვს არაერთი ქვეყნის კინოაკადემიისა და კინოფესტივალის სხვადასხვა ჯილდო როგორც ”ვარსკვლავურ ომებამდე”, ასევე შემდგომ.

იან მაკდერმიდმა (სენატორი და კანცლერი პალპატინი, დართ სიდიუსი) (Ian McDiarmid AKA Senator & Supreme Chancellor Palpatine, Darth Sidious) კიდევ ერთმა ბრიტანელმა (შოტლანდიიდან) თეატრალურმა მსახიობმა, ბუნებრივია, შექსპირის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლებით გაითქვა სახელი (ასე რომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, როდესაც თავის პერსონაჟს მსახიობი იაგოს ადარებს), მაგრამ ამერიკელი პუბლიკისთვის და მით უფრო ხომ კინომოყვარულთათვის ის ნაკლებად ცნობილი იყო. მაკდერმიდი თამაშობდა ფილმში ”დრაკონთმმუსვრელი” (“Dragonslayer”), რომელიც, ჩემის აზრით, არცთუ ურიგოდ გადაღებული ფენტეზი იყო, მაგრამ გაქირავებაში ფილმი ჩავარდა და ასეც რომ არა, მაკდერმიდს იქ მეორე პლანის როლი ჰქონდა.

Ian McDiarmid

”მეექვსე ეპიზოდში” მოხვედრას იან მაკდერმიდი ფილმის რეჟისორს, ასევე ბრიტანელს, უელსელ რიჩარდ მარქანდს უნდა უმადლოდეს. მარქანდის თქმით, მაკდერმიდის თამაში მას ჩელსის ”სამეფო უბნის თეატრში” უნახავს.

ფილმში გადაღების შემდეგ, მაკდერმიდი თეატრალურ სცენას დაუბრუნდა – კინოკარიერა, მისივე თქმით, მას არ ხიბლავდა. მიუხედავად ამისა, წლების შემდეგ, ლუკასმა კვლავ უხმო გადასაღებ მოედანზე.

როგორც მაკდერმიდი ამბობს, მას გაგონილი ჰქონდა, რომ ლუკასს სულ 9 ეპიზოდის გადაღება სურდა, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, თუკი ამდენი წლის შემდეგ მას ხელახლა დაუკავშირდებოდნენ და მის მიერ უკვე ნათამაშები პერსონაჟის კვლავ განსახიერებას შესთავაზებდნენ… ”უცნაური და შესანიშნავი პარადოქსი ისაა, რომ პრიკველის გადაღების დროისთვის მე ზუსტად საჭირო ასაკის გავხდი, ამდენად, ვითამაშე საკუთარი გმირის ახალგაზრდობა, მშინ, როდესაც ის ჩემი ასაკისა იყო, მაშინ, როდესაც ადრე ვითამაშე საკუთარი თავი 100 და რა ვიცი კიდევ რამდენი წლისა” – ამ მხრივ მაკდერმიდი უნიკალურია. ის ერთადერთია, ვინც საკუთარი პერსონაჟი განასახიერა როგორც პირველ ასევე მეორე ტრილოგიაში.

მაკდერმიდი თამაშობს ფრენკ ოზის შესანიშნავ კომედიაში ”გამოუსწორებელი თაღლითები” და ტიმ ბარტონის ”მთვლემარე ღრმულში”.

ის არაერთი პრესტიჟული თეატრალური ჯილდოს მფლობელია.

* ცხადია ეს არ არის მიუზიკლი ”ოლივერი”, რომელიც მოგვიანებით გადაიღეს და არაერთხელ იყო ნაჩვენები საბჭოთა ტელევიზიით… ეჰ, შორეულო ბავშვობის წლებო.🙂

**პიერ ბული ფანტასტიკის მოყვარულთათვის კარგად ცნობილი საკულტო ნაწარმოების ”მაიმუნთა პლანეტის“ ავტორია

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

~ by Lord Vader on June 1, 2008.

 
%d bloggers like this: