ვარსკვლავური ომები: ვარსკვლავური ფილმი ვარსკვლავების გარეშე (part 1)

David Prowse, Mark Hamill, Carrie Fisher

როდესაც ჰოლივუდში იწყებენ ფილმის გადაღებას ვარსკვლავების გარეშე, ეს, უმრავლეს შემთხვევაში, ფილმის არცთუ მდიდარი ბიუჯეტისა და პროდიუსერთა ხელმომჭირნეობის ბრალია.

”ვარსკვლავური ომების” შემთხვევა განსხვავებულია – კინოკომპანია ფილმში ვარსკვლავების თუ არა, ცნობილი მსახიობების მონაწილეობით მაინც იყო დაინტერესებული, მაგრამ ლუკასმა ყველა შეთავაზებული კანდიდატურა (ბერტ რეინოლდსი, ქრისტოფერ უოქენი, ჯოდი ფოსტერი) დაიწუნა და როლები ახალბედა დეივიდ პრაუსს, მარკ ჰალმილს, ჰარისონ ფორდს, კერი ფიშერს ჩამოურიგა. ფორდის გამოკლებით, ეს მსახიობები, ფაქტობრივად, ერთი როლის მსახიობებად დარჩნენ – არც ”ვარსკვლავურ ომებამდე” და არც ”ვარსკვლავური ომების” შემდეგ მაინცდამაინც ღირებული კინოში არაფერი შეუქმნიათ.

დეივიდ პრაუსი – ლორდი ვეიდერი (David Prowse AKA Darth Vader) ამ საკულტო და უმნიშვნელოვანეს როლს თავისი ფიზიკური მონაცემებით თუ შეესაბამებოდა – ის ათლეტური აღნაგობის, თითქმის ორ მეტრამდე სიმაღლის თავის სამშობლოში (ბრიტანეთში) კარგად ცნობილი სპორტსმენი იყო – ჩემპიონი სიმძიმის აწევაში. შემდეგ მან სპორტული კარიერა გააგრძელა როგორც კულტურისტმა. მეორე პლანის როლი ითამაშა კუბრიკის ”დასაქოქ ფორთოხალში”. რამდენჯერმე მონაწილეობდა ”ბენი ჰილის შოუში”. იყო კრისტოფერ რივის კონსულტანტი და მწვრთნელი ფილმ ”სუპერმენის” გადაღებისას.

სხვათა შორის, პრაუსის ფიზიკურმა მონაცემებმა შემდგომ გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა გადამღებ ჯგუფსა და ჰაიდენ ქრისტენსენს (ანაკინ სქაიუოკერი და ლორდი ვეიდერი), რომელსაც წონაში მომატება და სპეციალური ჩექმებისა და თავდაპირველთან შედარებით უფრო მაღალი მუზარადის ტარება მოუწია, რათა სიმაღლეში განსხვავება ნაკლებ თვალშისაცემი ყოფილიყო.

მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვეიდერი ჯეიმს ეარლ ჯონსის ხმით საუბრობს და სახით სებასტიან შოუს ჰგავს, ფილმში პრაუსის მონაწილეობა მხოლოდ მისი სიტყვებით თუ დასტურდება🙂 ეს ხუმრობით რასაკვირველია, ისე კი მისი ხმისა და სახის ჩანაცვლება ფილმში დეივიდ პრაუსის დიდი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

კადრი, როდესაც ლიუკ სქაიუოკერი ვეიდერს ნიღაბს ხსნის, უმნიშვნელოვანესია ფილმში და პრაუსიც მოუთმენლად ელოდა ამ ეპიზოდის გადაღებებს – ფილმში შოუს მიწვევა მისთვის სრული მოულოდნელობა იყო. გადაღებების დროს კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, ლუკასს თავისი ჩანაფიქრი პრაუსისთვის არ გაუმხელია. ”მეექვსე ეპიზოდის” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ და საკმაო ხნის განმავლობაში, განაწყენებული პრაუსი ლუკასთან შეხვედრას თავს არიდებდა და არც ესაუბრებოდა.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, პრიქველში მას კამეო შესთავაზეს, თუმცა დეივიდ პრაუსმა უარი თქვა ეკრანზე თუნდაც წამიერად გამოჩენილიყო, როგორც არა-ვეიდერი. ”მეექვსე ეპიზოდის” გადაღების წინ დეივიდ პრაუსმა ლორდ ვეიდერის კვლავ თამაშის სურვილიც გამოთქვა, თუმცა, როგორც ცნობილია, ვეიდერს (და ანაკინ სქაიუოკერს) ჰაიდენ ქრისტენსენი თამაშობს.

David Prowse

(დეივიდ პრაუსის ავტოგრაფი: ”დეივ პრაუსი არის დართ ვეიდერი”)

მარკ ჰემილი – ლიუკ სქაიუოკერი (Mark Hamill AKA Luke Skywalker) გარკვეული პერიოდი იაპონიაში ცხოვრობდა და სწავლობდა (მამამისი აშშ სამხედრო ფლოტის კაპიტანი იყო), ალბათ, ამ კუთხით ზუსტად შეესაბამებოდა ჯედაის როლს, ვინაიდან, ლუკასის თავდაპირველი ჩანაფიქრით, ”ვარსკვლავური ომები” იაპონელი სამურაების კოსმიური ბატალიები უნდა ყოფილიყო🙂

Mark Hamill ჰემილის სხვა კინო-მონაგარი შემოიფარგლება მის მიერ გახმოვანებული მრავალრიცხოვანი ანიმაციური გმირებით (ჯოკერი ”ბეტმენიდან”, გობლინი ”სპაიდერმენიდან”, გარგულია ”ჰალკიდან”, სხვადასხვა პერსონაჟები ”სკუბი-დუდან”, ყბები 2006 წელს გადაღებული ტომი და ჯერის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმიდან) და ტელე-სერიალებში მონაწილეობით. აგრეთვე მიწვეული იყო ”ბილ ქოსბის შოუში” (საინტერესო მსგავსებაა ამ ორ ანტიპოდს: ლორდ ვეიდერსა და ლიუკ სქაიუოკერს შორის – ორთავე გადაღებულია იუმორისტულ შოუში, თუმცა გასაგები მსგავსებაა, მათი ნათესაური კავშირის გათვალისწინებით :))

ჰემილს ”ვარსკვლავური ომების” მეხუთე და მეექვსე ეპიზოდებმა* მოუტანა სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზის და საშინელებათა ფილმების ამერიკული აკადემიის ჯილდო ”სატურნი”.

კერი ფიშერს (Carrie Fisher AKA Princess Leia) სანამ პრინცესა ლეია გახდებოდა, ნათამაშები ჰქონდა ერთადერთი როლი ჰოლ ეშბის ფილმში ”შამპუნი”**

ვარსკვლავურ ომებში შესრულებული როლისთვის ფიშერს მიენიჭა სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზის და საშინელებათა ფილმების ამერიკული აკადემიის პრეზიდენტის საგანგებო ჯილდო.

Carrie Fisher პრინცესა ლეიას შემდეგ კერი ფიშერის ყველაზე ცნობილი როლი პოლ საიმონის ცოლობაა🙂 თუმცა მეორე და ძირითადად კი – მესამე პლანის როლები და მცირე ეპიზოდები მას ნათამაშები აქვს ვუდი ალენის ფილმში ”ჰანა და მისი დები”, ჯონ ლენდისის ”ძმებ ბლუზებში”, სტივენ სპილბერგის ”კაუჭაში”, დეივიდ მირკინის ”გულების გამტეხველნში” (”Heartbreakers”), რობ რეინერის მელოდრამაში ”როდესაც ჰარი შეხვდა სალის”, აგრეთვე უეს კრეივენის ფილმში ”კივილი-3” და ”ჩარლის ანგელოზების” ჯოზეფ ნიკოლისეულ სიქველში.

კერი ფიშერი ავტორია ავტობიოგრაფიული რომანისა “Postcards From The Edge”, რომელიც მაიკლ ნიქოლსმა ფილმადაც გადაიღო.

*ზოგიერთი წყარო შეცდომით ”მესამე ეპიზოდში” მიღებულ ჯილდოსაც მიუთითებს (მათ შორის IMDB), მაგრამ თავად აკადემიის საიტზე ნომინანტებს შორის ჰემილი დასახელებული არ არის, ხოლო ცერემონიას მე არ დავსწრებივარ, რომ მახსოვდეს, უხმეს თუ არა სქაიუოკერს სცენაზე.🙂

**ეს ფილმი არ მინახავს, მაგრამ მას კარგი რეცენზიები და რამდენიმე ჯილდო აქვს – მათ შორის ოსკარი ლი გრანტს (მეორე პლანის როლისთვის) და კინოს კრიტიკოსთა ეროვნული ასოციაციის პრიზი საუკეთესო სცენარისთვის უორენ ბიტის და რობერტ თაუნის.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

~ by Lord Vader on January 27, 2008.

2 Responses to “ვარსკვლავური ომები: ვარსკვლავური ფილმი ვარსკვლავების გარეშე (part 1)”

  1. ჰარისონ ფორდს რატომ არ ახსენებ??? ის ყველაზე მაგარია.
    I Love Ford!!!!

    Like

  2. Part 1 იცი რას ნიშნავს, Мrs. Ford?🙂
    ყველაფერი იქნება…

    Like

Comments are closed.

 
%d bloggers like this: