May 25, 1983: Show Must go On!!!

მეფე ლირი და ლორდი ვეიდერი

გავიდა ერთი წელი ”მეხუთე ეპიზოდის” გადაღებიდან და სითჰები და ჯედაები გადასაღებ მოედანს დაუბრუნდნენ – 1982 წლის დასაწყისში იწყება ”ვარსკვლავური ომების” მესამე ფილმის გადაღებები. სცენარი კვლავ ლოურენს კაზდანმა დაწერა, ამჯერად უკვე ჯორჯ ლუკასის აქტიური თანამონაწილეობით, რეჟისორად კი დეივიდ ლინჩი მიიწვიეს, მაგრამ, ხანმოკლე ყოყმანისა და ფიქრის შემდეგ, ლინჩი უარს ამბობს ამ წინადადებაზე და სტუდია ”იუნივერსალ ფიქჩერზში” ფრენკ ჰერბერტის საკულტო რომანის ”დიუნა” გადაღებას ირჩევს. მაშინ ლუკასი რეჟისურას რიჩარდ მარქანდს ანდობს.

ლინჩი და მარქანდი, როგორც ოდესაში იტყვიან, ორი ძალიან განსხვავებული არჩევანია – დეივიდ ლინჩი ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და ტიტულოვანი რეჟისორია. 1980 წელს მისმა ფილმმა ”The Elephant Man” რვა ოსკარი მიიღო, მათ შორის, როგორც საუკეთესო ფილმმა. მარქანდი – ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ლუკასს მოეწონა 1981 წელს გადაღებული ფილმი ”Eye of the Needle” და გადაწყვიტა მისი მიწვევა.

არჩევანი სწორი იყო, ვინაიდან ლინჩის ”ეპიზოდი”, სავარაუდოდ, უფრო მეტად ლინჩის ფილმი იქნებოდა, მარქანდის ”ეპიზოდი” უფრო ლუკასისეულია. ჯორჯ ლუკასი აქტიურად მონაწილეობდა ფილმის გადაღებაში, რასაც, ლინჩის რეჟისურის შემთხვევაში, ალბათ, ასე იოლად ვერ შეძლებდა.

(ფილმზე მუშაობა მარქანდმა საბოლოოდ ასე შეაფასა: ”ეს იგივეა, რაც მეფე ლირის დადგმა, როდესაც შექსპირი მეზობელ ოთახშია”).

ეპიზოდი, როდესაც დართ ვეიდერი ნიღაბს იხსნის – პირადად ლუკასის მიერაა გადაღებული.

სპეციალურად ამ ეპიზოდისთვის ჯორჯ ლუკასმა ფილმზე მიიწვია სებასტიან შოუ.

Vader unmasked 

ამრიგად, ვეიდერის სახის შექმნაზე უკვე მესამე მსახიობი მუშაობდა – დეივიდ პრაუსი (სხეული და მოძრაობა), ჯეიმს ეარლ ჯონსი (ხმა)* და სებასტიან შოუ (სახე). თუკი ამას დავამატებთ კასკადიორთა მთელ ჯგუფს სახელგანთქმული ბობ ანდერსონის** მეთაურობით და ჰოლივუდის ლეგენდარულ ხმის რეჟისორს ბენ ბარტს (რომელიც აკვალანგის მილაკის დახმარებით გამოსცემდა ლორდ ვეიდერის სახელგანთქმული სუნთქვის ხმას) – ნათელია თუ ვინ არის საგის მთავარი პერსონაჟი და ვისი შექმნისთვის შეიკრიბა ყველაზე დიდი რაოდენობით ტალანტი და ენერგია***🙂

ბენ ბარტი, ლუკასისა და კერშნერის (”მეხუთე ეპიზოდის” რეჟისორი) მსგავსად, კინოხელოვნებას სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ეუფლებოდა (თავდაპირველი განათლებით ის ფიზიკოსი იყო). მისი განსაკუთრებულად ფასეული წვლილი ვარსკვლავურ საგაში, ლორდი ვეიდერის სუნთქვის გარდა, R2-D2 ”საუბარია”.

ბარტი თავადაც ჩნდება მეექვსე (პოლკოვნიკი დაიე) და პირველ (EQ3 ბაობაბი) ეპიზოდებში.

ბარტი აგრეთვე მუშაობდა სპილბერგთან (”ინდიანა ჯონსი”, ”Е.Т.”, ”მიუნხენი”) ფილიპ კაუფმანთან (”სხეულის გამტაცებელთა შემოჭრა”), ფრენკ ოზთან (”შავი კრისტალი”), რონ ჰოუვარდთან (”ვილოუ”). თავადაც აქვს გადაღებული რამდენიმე ფილმი, მათ შორის, დოკუმენტალური ”ამერიკელი განგსტერი”.

მიღებული აქვს ორი ოსკარი (”ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ომი”, ”Е.Т.”), აკადემიის სპეციალური პრიზი (”მეოთხე ეპიზოდი”, ”ინდიანა ჯონსი: დაკარგული კიდობნის მაძიებელნი”), ”მეოთხე ეპიზოდისთვის” აგრეთვე მიენიჭა ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდო BAFTA.

სამაგიეროდ, მაგისტრი იოდა სწორედ მარქანდს უნდა უმადლოდეს, რომ კვლავ გამოჩნდა ფილმში – სცენარის თავდაპირველ ვარიანტში ეს ეპიზოდი არ იყო. ჰარისონ ფორდი კი, ჯორჯ ლუკასის წყალობით, ფილმის ბოლომდე ცოცხალი დარჩა – კაზდანის ვარიანტში ჰან სოლო, რომ იტყვიან, ბრძოლის ველზე გმირული სიკვდილით უნდა დაცემულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ფორდი იგივე აზრს იზიარებდა და ”მეექვსე ეპიზოდში” გადასაღებ კონტრაქტზეც კი არ ჰქონდა ხელი მოწერილი, ლუკასმა მეგობარი ვერ გაიმეტა.

ფილმის წინასწარი ჩვენების შემდეგ, ლუკასმა ასევე გაითვალისწინა დარბაზის უარყოფითი რეაქცია და უკვე დაღუპული ლენდო კარლისიანი (მსახიობი ბილი დი უილიამსი) მკვდრეთით აღადგინა. თავდაპირველ ვარიანტში იგი ”სიკვდილის ვარსკვლავის” განადგურების დროს იღუპებოდა, მაგრამ ამერიკელთა საყოველთაოდ ცნობილმა ე.წ. ”ჰეფი ენდების” სიყვარულმა ამჯერადაც გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ლურჯი მოსავალი არიზონაში

საყოველთაო აჟიოტაჟის გათვალისწინებით, ფილმის გადაღება საიდუმლო ვითარებაში მიდიოდა – ”მეხუთე ეპიზოდში” სცენართან დაკავშირებით გამოყენებული ეშმაკობის, აგრეთვე ცივი ომისა და შპიონაჟის კანონების დაცვით ლუკასმა მთელი სადეზინფორმაციო მანქანა აამუშავა – ასე გაიგეს არიზონას შტატის იუმას საგრაფოს მცხოვრებლებმა, რომ მათთან იღებენ საშინელებათა ფილმს ”Blue Harvest”.

მსახიობებს სცენარს მხოლოდ გადაღების დაწყების წინ ურიგებდნენ, თანაც ფილმის თავდაპირველი სახელი განსხვავებული იყო – ”ჯედაის შურისძიება”. ამ სახელწოდებით დაიბეჭდა პოსტერები და ტრეილერიც კი გამოვიდა.

revenge of jedi poster

სათაური ”ეპიზოდი V ჯედაის დაბრუნება” ლუკასმა უშუალოდ ფილმის ეკრანებზე გამოსვლის წინ გამოაჩინა.



მაგრამ მარკ ჰემილისთვის დიდი ხნით ადრე გახდა ცნობილი, რომ მას ვეიდერთან მოუწევდა შერკინება. იგი დიდი პასუხისმგებლობით მიუდგა ამ საქმეს – არა ერთი თვე სწავლობდა აღმოსავლურ ორთაბრძოლებს, აუმჯობესებდა ხმლებით ბრძოლის ტექნიკასა და ფარიკაობას…

1982 წლის 20 მაისს გადაღებები დამთავრდა. გადამღებმა ჯგუფმა ფილმის დასრულება ავტოგრაფებით აღნიშნა – ”მიჰყევ ძალას” – ასეთი წარწერა დატოვა ჰემილმა. ”თავად მიჰყევი” – მიაწერა ფორდმა.

1983 წლის 25 მაისს ფილმი ეკრანებზე გამოვიდა.

იმ მრავალრიცხოვან ჭორებს შორის, რაც ”ვარსკვლავურ ომებს” დასტრიალებს, არის ასეთიც – ფილმის სამგვარი დასასრულის გადაღების შესახებ.

პირველი – როგორც არის.

მეორე – როგორც არის პლუს ჰან სოლოს და პრინცესა ლეას ქორწილი.

და მესამე – სრულიად საპირისპიროდ – ლორდი ვეიდერი ამარცხებს ჯერ ლიუკ სკაიუოკერს, შემდეგ დართ სიდიუსს და თავად ხდება გალაქტიკის იმპერატორი…🙂

*”ვარსკვლავური ომების” ინგლისურენოვანი (არა-დუბლირებული) ორიგინალის ნახვა თუნდაც მხოლოდ ჯეიმს ეარლ ჯონსის ხმით მოსაუბრე ვეიდერის მოსასმენად ღირს. ჯეიმს ეარლ ჯონსი ბევრ ცნობილ ფილმშია გადაღებული, მათ შორისაა ”კომედიანტები” (ალეკ გინესთან – ობი-ვან კენობისთან ერთად), ”კონანი-ბარბაროსი”, ”ნადირობა წითელ ოქტომბერზე”, ”მოგზაურობა ამერიკაში”, ”შიშველი პისტოლეტი 33 1/3”, ”პატრიოტთა თამაშები”, ”სომერსბი”. როგორც გამხმოვანებელი ის მონაწილეობდა ”ძირითად ფერებში”, ”კლიკში”, აგრეთვე დისნეის სტუდიის ანიმაციაში ”მეფე-ლომი”. არაერთი ჯილდოს მფლობელია, მათ შორისაა ”ემი”, ”ტონი”, ”ოქროს გლობუსი”, კრიტიკოსთა ეროვნული ასოციაციის პრიზი.

**ინგლისელი ბობ ანდერსონი, პროფესიონალი მოფარიკავე, გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ნაკრების წევრი იყო – მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონატების მონაწილე. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, არაერთ ცნობილ ფილმში მონაწილეობდა როგორც კასკადიორი, საბრძოლო სცენების რეჟისორი, მსახიობთა მწვრთნელი ფარიკაობაში. ამ ნამუშევრებს შორისაა ”ბეჭდების მბრძანებელი”,”კარიბის ზღვის მეკობრენი”, ”მთიელი”, ”ზოროს ნიღაბი”, ”ლეგენდა ზოროს შესახებ”, ”პირველი რაინდი”, ”კაზინო როიალი” (1967 წელს გადაღებული ვერსია დეივიდ ნივენითა და პიტერ სელერსით მთავარ როლებში), ”რუსეთიდან – სიყვარულით”, ”მოკვდი, ოღონდ ახლა არა”, ”ბერი ლინდონი”.

***მიუხედავად იმისა რომ IV, V და VI ეპიზოდებს არ ეხება, ნუ დაგვავიწყდება, რომ შემდგომ კიდევ ორი მსახიობი ჯეიკ ლოიდი და ჰაიდენ ქრისტენსენი მიიწვიეს ვეიდერის როლზე.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

~ by Lord Vader on January 18, 2008.

4 Responses to “May 25, 1983: Show Must go On!!!”

  1. ეგეთი ფინალი – ვეიდერი რომ კლვს სკაიუოკერს მართლა გადაღებულია???
    ნაღდად პირველად მესმის!

    Like

  2. would be nice if site was in english

    Like

  3. Maybe… but there are enormous number of SW personal pages or blogs in English. Some really very good. I had one as well, but closed. Have no time to run both in fact.

    Like

  4. veideri martla gamorcheuli personajia da sawyenia, rom sidiusis xelqveitad darcha bolomde (imperatori rom ver gaxda)

    arada prikvelebshi ashkarad chans rom sidiuss is tavisze bevrad zlieri egona

    chemi favoriti ki mainc iodaa

    Like

Comments are closed.

 
%d bloggers like this: