May 21, 1980: ლეგენდა გრძელდება…

Как говорит наш шеф, Император Палпатин, куй железо, пока горячо

სანამ პირველი ფილმის გამოსვლის შემდეგ ამერიკა ვარსკვლავური ციებ-ცხელებითაა შეპყრობილი, ჰავაიდან დაბრუნებული ჯორჯ ლუკასი უკვე მეორე ფილმის გადაღებისთვის ემზადება. ამჯერად, ბევრისთვის გასაოცრად, ლუკასი უარს ამბობს რეჟისურაზე და გარი კურცთან ერთად ფილმის პროდუსერი ხდება.

მისი სახელგანთქმული ბლოკნოტი კვლავ სავსეა ჩანაწერებით, მაგრამ ამჯერად ლუკასს არც სცენარის დაწერაზე სურს დროის დაკარგვა და სტუდია ამ საქმისთვის მწერალს და კინოსცენარისტს, ლი ბრეკეტს ქირაობს.

ლი ბრეკეტი sci-fi ჟანრში მოღვაწე ერთ-ერთი საუკეთესო და Leigh Brackett ყველაზე ცნობილი ქალი-მწერალია. იგი თანამშრომლობდა სახელგანთქმულ ჟურნალთან – “Planet Stories”, პოლ ანდერსონთან და თვით რეი ბრედბერისთან ერთად. ბრედბერი და ბრეკეტი კარგი მეგობრები იყვნენ – ბრეკეტის მოთხრობა “Lorelai of the Red Mist” ბრედბერიმ დაასრულა (თუმცა შემდგომ ბრეკეტი კვლავ დაუბრუნდა ამ ნაწარმოებს და ხელახლა გადაამუშავა), ხოლო ბრეკეტის მოთხრობამ “Martian Quest” გარკვეულად შთააგონა ბრედბერის გენიალური ”მარსის ქრონიკების” შექმნა… ყოველ შემთხვევაში, თავად ბრედბერისვე თქმით, ეს ერთ-ერთი “ბიძგთაგანი” იყო.

როგორც სცენარისტი, ბრეკეტი თანამშრომლობდა რობერტ ოლტმანთან და ჰოუარდ ჰოუკსთან, მათ შორის ფილმზე “The Big Sleep”. ფილმი რაიმონდ ჩანდლერის რომანის მიხედვითაა გადაღებული, კინოსცენარი კი ლი ბრეკეტმა, ჟულ ფარტმანმა და უილიამ ფოლკნერმა (!) დაწერეს.

სამწუხაროდ, 1978 წლის მარტში ბრეკეტი, რომელიც კიბოთი იყო დაავადებული, გარდაიცვალა, ამიტომ მან მხოლოდ სცენარის პირველადი ვარიანტის დაწერა მოასწრო. ამის შემდეგ ლუკასმა სცენარის დასრულება ლოურენს კაზდანს მიანდო და სულ ბოლოს საბოლოო რედაქტურა თავად გააკეთა.

ჭირვეული იოდა

ლუკასის და ბრეკეტის ფანები დღემდე ვერ თანხმდებიან წვლილზე, რომელიც ეკუთვნის ბრეკეტს მაგისტრ იოდას სახის შექმნაში. როგორ და რატომ გაჩნდა მეხუთე ეპიზოდში იოდა. როგორი იყო მისი თავდაპირველი როლი და როგორ იქცა ის საგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერსონაჟად, როდესაც პირველ ფილმში არ გამოჩენილა.

ეს უსაგნო და უმნიშვნელო კამათია, მით უმეტეს რომ ლორდი ვეიდერის ავტორობას ლუკასს ვერვინ ედავება და არვინ ართმევს!🙂

ამასთან მაგისტრი იოდა, უშიში, ვითარცა უხორცო, სინამდვილეში უაღრესად აზიზი და ნაზი არსება აღმოჩნდა. ის მუდმივად ”იჭედებოდა” და ფუჭდებოდა. თანაც მისი მართვა უაღრესად ძნელი საქმე იყო – ამ საქმით ფრენკ ოზი* სამ ასისტენტთან ერთად იყო დაკავებული – ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა, სულ რამდენიმე წამს რომ გრძელდება, როდესაც იოდა თვალებს ხუჭავს და ყურებს და თავს ხრის, როგორც ოზი იგონებს, მართლაც რომ ურთულესი გადასაღები აღმოჩნდა.

არაჰოლივუდელი რეჟისორის ჰოლივუდური ფილმი

1979 წლის გაზაფხულზე იწყება გადაღებები. ფილმს ირვინ კერშნერი** იღებს, თუმცა ლუკ ასის აქტიური და ენერგიული თანამონაწილებით.

კერშნერი ”სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის” პროფესორი, ლუკასის უნივერსიტეტის მასწავლებელი იყო. კერშნერი იგონებს, რომ როდესაც ლუკასმა ის ფილმის გადასაღებად მიიწვია, ასე უთხრა: ”შენ ყველაფერი იცი, რაც ჰოლივუდელ რეჟისორს მოეთხოვება, მაგრამ შენ არ ხარ ჰოლივუდელი რეჟისორი…”

ყველა სხვა სირთულის გადალახვასთან ერთად, რაც ფილმის გადაღებას ახლდა თან (ყინვები და თოვლი ნორვეგიაში, ხანძარი პავილიონში, იოდას ”ჭირვეულობა”),

ლუკასს, კერშნერსა და კურცს კიდევ ერთი პრობლემა ჰქონდათ – ბოლომდე დაემალათ ვეიდერის ვინაობა. არც დეივიდ პრაუსმა (რომელიც თამაშობდა ვეიდერს) და არც ჯეიმს ერლ ჯონსმა (რომელიც ახმოვანებდა) ბოლო მომენტამდე არ იცოდნენ მისი ვინაობა. ეს სულ უბრალოდ მოხერხდა – თავდაპირველად მსახიობებს შეცვლილი სცენარი დაურიგდათ, ნამდვილი ვარიანტი კი ლუკასმა მხოლოდ გახმოვანების დროს გამოაჩინა.

1980 წლის 21 მაისს*** ფილმი ეკრანებზე გამოვიდა.

ჩემის აზრით ”მეხუთე ეპიზოდი” (”პირველ ეპიზოდთან” ერთად) საუკეთესოა საგაში.

Lucas robot

*ფრენკ ოზი ცნობილი მეთოჯინე, მსახიობი და რეჟისორია. ის მონაწილეობდა ”მაპეტ შოუში”, თამაშობს ჯონ ლენდისის ფილმებში: ”ძმები-ბლიუზები 2000”, ”ამერიკელი მაქცია ლონდონში”, ”შენაცვლება”, ”ჩვენნაირი ჯაშუშები”, ”ფრანგი ვამპირი ამერიკაში”. თავად გადაღებული აქვს შესანიშნავი კომედიები: ”ბოუფინგერი”, ”რაც შეეხება ბობს”, ”სტეპფორდელი ცოლები”, აგრეთვე კრიმინალური დრამა ”ანგარიში” (მარლონ ბრანდოს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი კინოში).

**სხვა მისი ფილმებიდან, ალბათ, ყველას უნახავს ”არასოდეს თქვა არასოდეს” და ”რობოკოპი-2”. კერშნერი აგრეთვე როგორც მსახიობი მონაწილეობს სკორსეზეს ”ქრისტეს უკანასკნელ ვნებაში”

***ზოგიერთი წყარო ფილმის ეკრანებზე გამოსვლის თარიღად (როგორც ჩანს,”მეოთხე ეპიზოდის” კვალად) შეცდომით 25 მაისს ასახელებს.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License. ___

~ by Lord Vader on January 18, 2008.

 
%d bloggers like this: