May 25, 1977: მაშინ ეპოქა დაიწყო დიდი…

პირველად იყო ვიეტნამის ომი, სამურაები და ფილოსოფიური ლიტერატურა 🙂

როგორ გვამარცხებენ? – უკვირდა ჯორჯ ლუკასს – რატომ ვერ ახერხებს ამერიკა, აშკარა ტექნოლოგიური და ეკონომიკური უპირატესობის მიუხედავად, ამ ომში გამარჯვებას? ჩვენ კი ვიცით, რომ მიზეზი С-75 და საბჭოთა და ჩინელი სამხედრო ”მრჩევლები” იყვნენ, მაგრამ ლუკასმა, როგორც ჩანს, ეს არ იცოდა, ამიტომ რაღაც იდუმალ, ირაციონალურ ”ძალაზე” დაიწყო ფიქრი. ხოლო როდესაც ამას კუროსავას ფილმები ”ფარული ციხე-სიმაგრე” და ”იოჯიმბო”-ც დაემატა, ლუკასის თავში აწ უკვე საკულტოდ ქცეული საგის პირვანდელი ფაბულა დაიბადა. ეს უნდა ყოფილიყო ფილმი მცირერიცხოვანი მებრძოლებისა და უზარმაზარი იმპერიის დაპირისპირებაზე. ძველებური ხმლები და იდუმალი ძალა – მომავლის ტექნოლოგიებისა და არმიის საპირისპიროდ. მოკლედ, ლუკასმა იაპონელი სამურაების კოსმიური საგის გადაღება გადაწყვიტა. თავდაპირველად მას ტოშირო მიფუნესა და სხვა იაპონელი მსახიობების მიწვევაც კი ჰქონდა განზრახული, მაგრამ, მას შემდეგ რაც იდეამ კონკრეტულ ფორმები შეიძინა, ჯერ წინადადებების, აბზაცების და ბოლოს გვერდების სახით, ჩანაფიქრმა, ცხადია, ბევრი ცვლილება განიცადა.

შემდეგ იყვნენ THX 1138, R2-D2, OB-1

ჯორჯ ლუკასმა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი Sci-Fi (ფანტასტიკური ჟანრის) ფილმი ”THX 1138” გადაიღო 1971 წელს ფრენსის ფორდ კოპოლას მიერ დაფუძნებულ ”American Zoetrope” სტუდიაში.

ფილმი არ მინახავს, ასე რომ მასზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ცნობილია, რომ თავის მეორე ფილმზე (”ამერიკული გრაფიტი”, 1973) მუშაობის დროს, ლუკასი პარალელურად უკვე მუშაობდა ”ვარსკვლავური ომების” სცენარზეც. კოპოლა იგონებს, რომ ლუკასი სულ თან დაათრევდა ბლოკნოტს, სადაც მუდმივად რაღაცას ინიშნავდა, მაგალითად რაღაც ასეთს:

Lucas and R2D2 ”ამერიკული გრაფიტის” გახმოვანებისას რეჟისორმა უოლტერ მარჩმა (რომელსაც მიენიჭა ოსკარი კოპოლას ფილმის ”აპოკალიფსი დღეს” ხმის რეჟისურისთვის და ორი ოსკარი ”ინგლისელი პაციენტის” ხმის რეჟისურისა და რედაქტირებისთვის) ლუკასს სთხოვა: ”არ-თუ, დი-თუ” – რაც ასე იშიფრება: ”მეორე ბაბინის, მეორე დიალოგი” – ლუკასმა იმწამსვე რაღაც ჩაინიშნა თავის ბლოკნოტში… ასე გაჩნდა მომავალ ფილმში “R2-D2”. დიდი მადლობა უოლტერ მარჩს ამისთვის.

მსგავსი წარმომავლობისაა ობი ვან კენობის სახელიც – ”ობი-ვან” (“OB-1”), მანამ სანამ ჯედაი გახდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ სინტეზატორი იყო🙂

შემდეგ იყვნენ მეგობრები, კასტინგი, სტივენ სპილბერგი და ალან ლედ უმცროსი

1975 წლისთვის ლუკასს როგორც იქნა დასრულებული სცენარი ჰქონდა ხელთ და მან მსახიობთა შერჩევა – კასტინგი დაიწყო. კასტინგს ერთდროულად ორი მეგობარი რეჟისორი ატარებდა – ჯორჯ ლუკასი და ბრაიან დე პალმა, ერთი – ”ვარსკვლავური ომებისთვის”, მეორე – ფილმისთვის ”კერი”, შემდეგ ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ აზრს და მსახიობებს ინაწილებდნენ. მაგალითად, სისი სპეისეკი და ნენსი ალენი, რომელთაც ლუკასი პრინცესა ლეას როლზე სინჯავდა – საბოლოოდ, დე პალმას ფილმში ”გადაბარგდნენ”.

საერთოდ ”ვარსკვლავური ომები”, შეიძლება ითქვას, ”მეგობრული” პროექტია. ფილმზე მუშაობისას ჯორჯ ლუკასს სხვადასხვაგვარად და სხვადასხვა დროს ბევრი მისი ახლობელი და მეგობარი ეხმარებოდა. ფილმის რედაქტორი – მეუღლე, მარსია ლუკასი იყო. ”შინაურულად” მოხვდა ჰან სოლოს როლზე ჰარისონ ფორდი, ლუკასის ძველი მეგობარი და სრულიად უცნობი მსახიობი (ძნელი წარმოსადგენი კია, თუ ფორდის ცხოვრებაშიც იყო ასეთი ეტაპი🙂), რომელსაც ლუკასმა, თავდაპირველად, კასტინგისას დახმარება სთხოვა… დამთავრდა იმით, რომ ყველა მსახიობმა, რომელმაც ჰან სოლოს როლზე სინჯები გაიარა, უარი მიიღო და როლი ჰარისონ ფორდს შეხვდა, რომელსაც სინჯებიც არ ჰქონდა გავლილი.

1976 წელს გადაღებები დაიწყო, ხოლო 1977 წლის დასაწყისში ლუკასმა უკვე დაამონტაჟა ფილმის ასე ვთქვათ ”შავი” ვარიანტი და მეგობრებს – კოპოლას, დე პალმას, მილიუსს და სპილბერგს უჩვენა. არეოპაგის ვერდიქტი უარყოფითი იყო – ამ ფილმის ეკრანზე გაშვება არ შეიძლება, აუცილებლად ჩავარდება. როგორც ლუკასი იგონებს, სპილბერგი აღმოჩნდა ერთადერთი, ვისაც ფილმი მოეწონა. მეტიც, თავად სპილბერგი ამბობს, რომ მან ფილმს 100 მილიონიანი შემოსავალიც კი უწინასწარმეტყველა… მხოლოდ აშშ-ში ფილმმა ლამის 5-ჯერ გადააჭარბა მის თამამ პროგნოზს🙂 ფილმი ასევე მოეწონა კინოკომპანია ”მე-20 საუკუნე ფოქსის” ერთ-ერთ ხელმძღვანელს და პროდუსერს ალან ლედ უმცროსს* (რაც, იმ მომენტისთვის, რა თქმა უნდა – გადამწყვეტი იყო) – მადლობა მას ამისთვის.

დღეს შეიძლება გაგვიკვირდეს, მაგრამ იმ დროისთვის Sci-Fi ფილმები ამერიკაში მაინცდამაინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. მაგალითად, იმავე ლუკასის უკვე ნახსენები ”THX 1138”-ის შემოსავალი სამი მილიონი დოლარიც არ იყო, მაშინ, როდესაც, ”ვარსკვლავური ომები”-ს გადასაღებად 11 მილიონი დაიხარჯა. ასე რომ, სხვადასხვა ცნობილი რეჟისორის სკეპტიკური დამოკიდებულება, შეიძლება, გასაგები გახდეს.

არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ თავად ლუკასმა საკუთარი ფილმის წარმატების ამბავი… ტელეფონით შეიტყო ჰავაის კუნძულებზე ყოფნისას, სადაც ის და მისი მეუღლე სპილბერგთან ”იმალებოდნენ”. თუმცა, როგორც თავად ლუკასი ამბობს, ისინი, უბრალოდ, აჟიოტაჟს განერიდნენ – ფილმის წარმატებაში ეჭვი კი მას არასდროს შეჰპარვია.

რიგები ამერიკის კინოთეატრებთან.

Star Wars premiere

*ალან ლედ უმცროსი Sci-Fi მოყვარულთათვის ლეგენდარული პროდიუსერია – ”ვარსკვლავური ომების” გარდა მან მწვანე შუქი აუნთო რიდლი სკოტის გენიალურ ”სამართებლის პირზე მორბენალს” (“Blade Runner”).

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

~ by Lord Vader on January 17, 2008.

 
%d bloggers like this: